
ეუთოს წარმომადგენელმა და რუსმა დიპლომატმა სამხრეთ ოსეთზე იმსჯელეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო 7 ივლისს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს ჰეიკი ტალვიტიეს შეხვდა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.
”ყურადღება გამახვილდა ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე საქართველოს მიერ გადადგმული პროვოკაციული ნაბიჯების ჭრილში, 4 ივლისს ღამით ცხინვალის დაცხრილვის ჩათვლით,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ”რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების შეწყვეტის საჭიროებას. ამ კუთხით, [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ] იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს ფინური თავმჯდომარეობა დაეხმარება იმ ღონისძიებებს, რომლებიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის დეესკალაციისთვისაა საჭირო”.