
”კავკასია” ხელისუფლებას ბიზნესმენებზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელობამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართა ხელისუფლებას შეწყვიტოს იმ ბიზნესმენებზე ზეწოლა, რომლებიც ”კავკასიას” რეკლამას უკვეთავენ.
იმავდროულად, ტელეკომპანია მოუწოდებს ბიზნესმენებს გაუძლონ ფინანსური პოლიციის ამ წნეხს და განაგრძონ რეკლამის განთავსება ტელეკომპანიაზე, რომლის ერთ-ერთ ძირითად საარსებო წყაროს სწორედ სარეკლამო შემოსავლები წარმოადგენს.
”მიზანი არის ერთი – ”კავკასიის” განადგურება, ან მისი ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება, რომ ჩვენ ვიტივტივოთ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე და არანაირად არ განვითარდეთ და ვიყოთ ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაში,”- განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა.
მან თავი შეიკავა იმ ბიზნესმენების დასახელებისაგან, ვინც ”კავკასიაზე” რეკლამის გაშვებაზე იძულებით თქვა უარი.
ფინანსური პრობლემების შექმნის შემთხვევაში, ტელევიზიამ შესაძლოა დახმარებისთვის მოქალაქეებს მიმართოს, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, ჯანგირაშვილის თქმით, ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული.
”დღეს ყველაზე მეტად ვართ ვალდებულები, რომ გადავარჩინოთ ეს ტელევიზია და არა მხოლოდ გადავარჩინოთ, არამედ განვავითაროთ,”- განაცხადა ჯანგირაშვილმა, ”მათ [საზოგადოებას] ჩვენი მხრიდან არ ექნებათ ისეთივე იმედგაცრუება, რაც ჰქონდათ არა ერთი ჩვენი კოლეგის მხრიდან. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ამ ტელევიზიას”.
ტელეკომპანია ”კავკასია”, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს, ნოემბრის მოვლენების შემდეგ პოპულარული ტელეარხი გახდა. ეს ერთადერთი არხია დღესდღეობით ქართულ მედია-სივრცეში, სადაც პოლიტიკური თოქ-შოუ გადის.
27 ივნისს ტელეკომპანია ”კავკასიის” ჟურნალისტმა პრეზიდენტ სააკაშვილს პრესკონფერენციაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, განუცხადა, რომ ბიზნესმენებს იბარებენ ფინანსურ პოლიციაში და მათ ”კავკასიის” ეთერიდან რეკლამების მოხსნას აიძულებენ. სააკაშვილმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.