გალში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ოთხი ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი უშიშროების სამსახურის უფროსი, დაიღუპა და სულ ცოტა ექვსი ადამიანი დაშავდა 6 ივლისს გალის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება დაახლოებით საღამოს 23:00 საათზე მოხდა.
გარდაცვლილთა შორის არიან გალის რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსი ჯანსუღ მურატია, ამავე სამსახურის სასაზღვრო განყოფილების თანამშრომელი სუხრან გუმბა, გაეროს მისიის გალის სექტორის თარჯიმანი ანზორ ლაგვილავა და ადგილობრივი მკვიდრი ივეტა თორია.
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მომხდარში ქართული მხარე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქართველო ”სახელმწიფოებრივი ტერორიზმის გზას დაადგა”.
”გალში აფეთქება – ეს ტერაქტია, რომელიც მიმართულია რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ. ეს აფეთქება არის გაგრაში და სოხუმში მომხდარი ტერაქტების ჯაჭვის გაგრძელება,”- განუცხადა ბაღაფშმა ”ინტერფაქსს” 7 ივლისს.
აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსმა იური აშუბამ ასევე განაცხადა, რომ ეს იყო ქართული მხარის მიერ აფხაზი სამართალდამცავების წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტი.
გაგრასა და სოხუმში 29 და 30 ივნისს მომხდარი ოთხი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 12 ადამიანი დაშავდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს ქართული მხარის მონაწილეობა აფეთქებებში და მათ ”აბსურდული” უწოდეს. მათი ვარაუდით, აფეთქება გალში, ისევე როგორც გაგრასა და სოხუმში, ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც აფხაზეთის სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებებს და ჩრდილოვან ბიზნესს შორის მიმდინარეობს.
აფხაზეთის ლიდერმა გალის აფეთქების შემდეგ თვითგამოცხადებული რეგიონის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
სხდომის შემდეგ, ”აფსნიპრესის” ცნობით, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ”უაზრობაა” საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების განახლება, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკას ახორციელებს.
თვითგამოცხადებული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ”ადექვატური ზომები მიიღოს, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოდან მომავალი ტერორიზმის საფრთხე”.
”ამგვარი პროვოკაციების უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს ქართულ-აფაზური კონფლიქტის შეუქცევადი ესკალაცია,” – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში უკმაყოფილებაა გამოხატული იმ ”მიკერძოებული შეფასებების” გამო, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე აკეთებს.
საერთაშორისო თანამეგობრობა, ნათქვამია განცხადებაში, ”თვალს ხუჭავს საქართველოში ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევებზე და ტერორის პოლიტიკაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ”.