ახალი ამბები

ბურჯანაძე ფონდის პრეზენტაციას მართავს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ახლადშექმნილი დემოკრატიის განვითარების ფონდის  პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

”ხელისუფლებაში ყოფნისას დემოკრატიის განვითარებაზე ზეგავლენა რომ მოახდინო, მხოლოდ სურვილი არ კმარა,” – განაცხადა ბურჯანაძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 7 ივლისს დაიბეჭდა, ”ხანდახან სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოებრივ აზრს ბევრად უფრო რადიკალურად (კარგი გაგებით) შეუძლია ვითარების შეცვლა, ვიდრე ძალიან მაღალი პოლიტიკური ფიგურის განცხადებას. ხელისუფლებაში ყოფნისას ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დამეცვა და გამეტარებინა ის აზრი, რაც სწორად მიმაჩნდა. ხშირად საკითხები ისე არ წყდებოდა, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა”.

ინტერვიუში ბურჯანაძემ პირველად აღიარა წყნეთის სამთავრობო აგარაკის საკუთრებაში მიღების ფაქტი. 

მაისის დასაწყისში პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც 31 696 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და სახლი ნინო ბურჯანაძეს გადაეცა საკუთრებაში ”სიმბოლურ ფასად,” 1 ლარად. განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ქმედება განხორციელდა საქართველოში პარლამენტარიზმის და დემოკრატიის განვითარებაში ნინო ბურჯანაძის მიერ შეტანილი წვლილისათვის.

”წყნეთის აგარაკის თაობაზე ინფორმაციის დამალვა არც მიცდია,” – განაცხადა ბურჯანაძემ, ”არ მინდა საზოგადოებას ის დავუმალო, რისი ცოდნის უფლებაც აქვს. მართლაც დამიტოვეს ის სახლი (მისი მიმდებარე ტერიტორიით), სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარესა და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში შეუქმნიდნენ უსაფრთხოების გარანტიას. ეს გადაწყვეტილებაც ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის მიიღეს”.

გავცელებული ვარაუდებით, ბურჯანაძის ფონდი იქნება ორგანიზაცია, რომელიც გახდება პლატფორმა მისი პოლიტიკურ არენაზე დაბრუნებისთვის.

თუმცა, ინტერვიუში ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია განაგრძობს ფუნქციონირებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მომავალში პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას გადაწყვეტს.

მან თავი აარიდა პასუხს კითხვაზე აპირებს თუ არა იგი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და განაცხადა: ”მოდით ამაზე ოთხი წლის შემდეგ ვისაუბროთ”.

 

Back to top button