ახალი ამბები

ეუთოს ელჩები, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობენ

დღეს საქართველოში ეუთოს ელჩების დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ელჩები 8-9 ივლისს ცხინვალის რეგიონს ესტუმრებიან.

დაგეგმილია ელჩების დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ–მინისტრთან ლადო გურგენიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან მალხაზ აქიშბაიასთან, ასევე ოპოზიციის ლიდერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის  წარმომადგენლებთან.

დღესვე საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტიგ მიოლერი. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ეწვევა სოხუმს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, სტიგ მიოლერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  და საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) ხელმძღვანელთან ჟან არნოსთან.

Back to top button