
ბუშმა და მედვედევმა საქართველოზე ისაუბრეს
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა იაპონიაში, დიდი რვიანი სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე თავის ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს განუცხადა, რომ რუსეთი განწყობილია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისათვის, თუმცა ვერ ხედავს საკმარის ნებას ამაზე თბილისისგან.
”მიუხედავად ამისა,”- იტყობინება კრემლის პრესსამსახური, ”რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა გაუზიარა ამერიკელ კოლეგას რამდენიმე კონკრეტული წინადადება, რომლებზეც საქართველოს პოზიტიური რეაქციის შემთხვევაში შესაძლებელია დეესკალაცია”.
მედვედევ-ბუშის შეხვედრის წინ კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი სერგეი პრიხოდკო აცხადებდა, რომ მედვედევი შეხვედრაზე წამოწევდა საკითხს, რომ მოსკოვი წინააღმდეგია საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, მედვედევმა ასევე დეტალურად ჩააყენა საქმის კურსში ჯორჯ ბუში პრეზიდენტ სააკაშვილთან ბოლო დროინდელი შეხვედრების, მათ შორის 5 ივლისს ასტანაში გამართული შეხვედრის შესახებ.