ახალი ამბები

კონსტიტუციური ცვლილებების ორი პროექტია ინიცირებული

პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილებების ორი კანონპროექტია ინიცირებული, რომელთა ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვის მიზნით ორი კომისია შეიქმნა.

ერთი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, მმართველ პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატ დეპუტატებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ითვალისწინებს ფრაქციის შექმნისათვის საჭირო დეპუტატების მინიმალური რაოდენობის 7-დან 6-მდე შემცირებას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა არ გამორიცხა, რომ მინიმალური ზღვარი შესაძლოა კიდევ შემცირდეს განხილვის პროცესში.

მეორე კონსტიტუციური შესწორება ეხება იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ერთ სტრუქტურად გაერთიანებას.

ცვლილებების თანახმად, გენერალური პროკურატურა, როგორც საქვეუწყებო დაწესებულება შევა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და იუსტიციის მინისტრი იმავდროულად იქნება გენერალური პროკურორი.

თავდაპირველად გენერალური პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების სტრუქტურა იყო, თუმცა 2004 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ეს ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი გახდა.

Back to top button