
ახალი ამბები
ევროკავშირი შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის გამო
ევროკავშირის ფრანგულმა თავმჯდომარეობამ შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბულობის გამო და განაცხადა, რომ ის ”ყურადღებით ადევნებს თვალს” რეგიონში განვითარებულ მოვლენებს.
”თავმჯდომარეობა მოუწოდებს მხარეებს თავშეკავება გამოიჩინონ და რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ დიალოგი ნდობის აღდგენის მიზნით,” – ნათქვამია 4 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ორი ადამიანი დაიღუპა დაბომბვისა და სროლების შედეგად, რომელსაც 4 ივლისის ღამეს ადგილი ჰქონდა ცხინვალსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ზოგიერთ სოფელში, აცხადებს სეპარატისტული ხელისუფლება. ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. 3 ივლისს კი ნაღმზე აფეთქდა ადგილობრივი ოსი მილიციელი.