ახალი ამბები

საფრანგეთი შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთში მომხდარი ინციდენტების გამო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების გამო, რასაც ”მსხვერპლი მოყვა”.

”ამ ინციდენტებს ადგილი აქვს გაყინული კონფლიქტების ზონებში არსებული ძლიერი დაძაბულობის ფონზე,” – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყებამ მოუწოდა მხარეებს თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა რეგიონში.  ”ჩვენ მათ ვთხოვთ უმოკლეს დროში განაახლონ დიალოგი ნდობის აღდგენის მიზნით,” – განაცხადა მან.

ორი ადამიანი დაიღუპა დაბომბვისა და სროლების შედეგად, რომელსაც 4 ივლისის ღამეს ადგილი ჰქონდა ცხინვალსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ზოგიერთ სოფელში, აცხადებს სეპარატისტული ხელისუფლება. ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. 3 ივლისს კი ნაღმზე აფეთქდა ადგილობრივი ოსი მილიციელი.

Back to top button