ახალი ამბები

”ეკონომისტი” აფხაზეთის შესახებ

გავლენიანი ჟურნალი ”ეკონომისტი” ამ კვირის ნომერში აქვეყნებს სტატიას, რომელშიც მიმოიხილავს აფხაზეთში შექმნილ ვითარებას.

სტატიაში სათაურით ”ზღაპრები შავი ზღვისპირეთიდან” რეგიონში შექმნილი სიტუაციაა განხილული თბილისის, სოხუმისა და მოსკოვის ჭრილში.

“რუსეთმა, რომელმაც გააღვივა კონფლიქტი, ჯერ ქართველების წაქეზებით, ხოლო შემდეგ აფხაზების მხარდაჭერით, ზოგადად, ძალიან საეჭვო როლი ითამაშა,” – აღნიშნავს ავტორი.

”აფხაზებს კარგად ესმით რუსეთში ასიმილიაციის საფრთხე და სიფრთხილით ეკიდებიან რუსულ ნაციონალიზმს,” – წერს ”ეკონომისტი”, ”თუმცა, რამდენადაც არამიმზიდველი შეიძლება ჩანდეს რუსეთში ინტეგრაცია, ბევრისთვის [აფხაზეთში] საქართველოს შემადგენელ ნაწილად ყოფნის იდეა კიდევ უარესია.”

ჟურნალს მოჰყავს აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას სიტყვები, რომელიც აცხადებს: ”რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ მაინც არ იბრძოდა”.

იგი ასევე დასძენს, რომ საქართველოს მკაცრმა პოლიტიკამ და ევროპის ინდიფერენტულობამ უბიძგა აფხაზეთს რუსეთისკენ.

თბილისის პოლიტიკასთან დაკავშირებით ჟურნალი წერს: ”შექმნილ სიტუაციაზე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც მიუძღვის გარკვეული ბრალი.”

”როდესაც ის 2004 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, მან არ გამოიყენა თავისი პოპულარობა, რათა ბოდიში მოეხადა საქართველოს წარსული ქმედებებისთვის და უარი ეთქვა მისი წინამორბედების მემკვირდეობაზე. 2004 წლის ბოლოსთვის, საქართველო რუსეთთან გარიგებასთან ახლოს იყო, ისევე როგორც აფხაზებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე, თუმცა არც ერთი დოკუმენტის ხელმოწერა არ მომხდარა. ბატონმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ჩვენ არ ვეპატიჟებით სეპარატისტებს საქართველოში, ჩვენ თვითონ დავბრუნდებით აფხაზეთში”. მისმა პოპულიზმა გააღიზიანა აფხაზები, ისევე როგორც მისმა გადაწყვეტილებამ სცენიდან გაექრო ირაკლი ალასანია – ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აფხაზური მხარე ენდობოდა მოლაპარაკების პროცესში – მისი ნიუ იორკში გაგზავნით, სადაც ის გაეროში ელჩად დაინიშნა.”

სტატიაში ასევე ნათქვამია: ”ქართული ტელეარხები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ აფხაზური მხარე ქართველებს ესხმის თავს.”

”ეკონომისტს” აქვე მოჰყავს წლის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანის მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ ”არაზუსტი ინფორმაცია, რომლის წყაროც ქართული მედია და დროდადრო საქართველოს ხელისუფლებაა, ხელს უწყობს უნდობლობის და საფრთხის განცდის ზრდას” გალის რაიონში.

”ამგვარ ვითარებაში, გასაკვირი არ არის რომ ბატონი სააკაშვილის ბოლოდროინდელი სამშვიდობო გეგმა, რომელიც აფხაზეთს შეუზღუდავ ავტონომიას სთავაზობს, აფხაზებმა უარყვეს, როგორც [თბილისის] პროპაგანდის ნაწილი,” – ნათქვამია სტატიაში. 

”ბატონი ალასანია, რომელსაც მამა 90-იანი წლების ომის დროს დაეღუპა, აცხადებს, რომ ”ამ კონფლიქტის გასაღები დევს არა ვაშინგტონში ან მოსკოვში, არამედ თბილისსა და სოხუმში… ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები შერიგებისკენ”. მხარეებს შორის ნდობის აღდგენას შესაძლოა წლები დასჭირდეს – და ამის შემდეგაც კი შესაძლოა არ მოხდეს ქვეყნის სრული რეინტეგრაცია. მაგრამ თუ საქართველოს სურს დარჩეს დემოკრატიული და აყვავებული ქვეყანა, მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია,”- ასკვნის ”ეკონომისტი.”

Back to top button