
შამბამ და არნომ კონფლიქტის მოგვარებაზე იმსჯელეს
დღეს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟან არნომ კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილეს, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
შამბას განცხადებით, საუბარი შეეხო 30 ივნისს ბერლინში გაეროს მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე შემუშავებულ ”ახალ პროექტს” კონფლიქტის მოგვარების წინადადებების შესახებ. შამბამ ამ წინადადებებზე საუბარი არ ისურვა და დასძინა, რომ მას თავად მეგობართა ჯგუფი გაახმოვანებს.
”ჩვენ ჩვენი წინადადებები გვაქვს, მათ [მეგობართა ჯგუფს] – თავიანთი, მაგრამ საჭიროა ყველაფერი ეს შევათანხმოთ,”- განაცხადა მან, ”ზოგი წინადადება შეიძლება იყოს მიუღებელი, ზოგი განუხორციელებელი, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა განვაგრძოთ პრობლემების მოგვარების გზების ზუსტად დიპლომატიური მეთოდებით ძიება”.
ჯერ-ჯერობით უცნობია იმ წინადადებათა შინაარსი, რომელიც ბერლინში დიპლომატებმა მეგობარი ქვეყნებიდან – საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და აშშ-დან – შეიმუშავეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.
თუმცა, ივნისის ბოლოს პრეზიდენტ სააკაშვილის ბერლინში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობაში პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გერმანულმა მხარემ მეგობართა ჯგუფის ფარგლებში ”სამეტაპიანი გეგმა” მოამზადა.
ამ გეგმის მიხედვით: პირველ ეტაპზე უნდა გაუქმდეს ვლადიმერ პუტინის 16 აპრილის განკარგულება, აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს სამშვიდობო ფორმატით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამხედრო ფორმირებები და უნდა მოხდეს სამშვიდობო ფორმატის გადახედვა; მეორე ეტაპი კონფლიქტური ზონების ეკონომიკურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მათ შორის გალსა და ოჩამჩირეში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას; ხოლო მესამე ეტაპი კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოიცავს.
ქართველი ოფიციალური პირები მიესალმნენ ამ გეგმას და იმედი გამოთქვეს, რომ დასავლელი პარტნიორები დაარწმუნებდნენ რუსეთს მის მხარდაჭერაში. თუმცა ამ განცხადებებზე გაღიზიანდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო, რომელმაც 27 ივნისს განაცხადა, რომ არანაირი გეგმა არ ყოფილა შემუშავებული და ამ საკითხზე პოზიციები ბერლინის შეხვედრაზე გამოიკვეთებოდა.