ახალი ამბები

გაეროს წარმომადგენლები თბილისსა და სოხუმს ეწვევიან

გაეროს წარმომადგენლები 5-6 ივლისს თბილისსა და სოხუმს ეწვევიან სამშვიდობო პროცესის შეფასების მისიით, განაცხადა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიშელ მონთასმა 3 ივლისს.

”მისია მოახსენებს გენერალურ მდივანს ძირითად გამოწვევებზე გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესში და მოგვარების შესაძლო ვარიანტების შესახებ,”- აღნიშნა მან.

ჯგუფი, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი ბერთრანდ რამშარანი უხელმძღვანელებს, ასევე გეგმავს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების  – საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს – დედაქალაქებში ვიზიტებს.

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია (UNOMIG) 1993 წლიდან, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ  ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ არსებული შეთანხმების შესრულებას აკონტროლებს.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა, რომელსაც მიმდინარე კვირაში შეხვედრები ჰქონდა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისს სურს შეიცვალოს სამშვიდობო და მოლაპარაკებათა ფორმატები, სადაც რუსეთს წამყვანი როლი უკავია. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ რუსული სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტა UNOMIG-ის საქმიანობაზეც იმოქმედებს. ”ასე რომ, კონსულტაციებია საჭირო,” – დასძინა იაკობაშვილმა.

 

Back to top button