ახალი ამბები

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ შესაძლოა საბიუჯეტო დაფინანსება ვეღარ მიიღოს

მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომელთაც სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვეს, საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მათ წინააღმდეგ ფინანსურ სადამსჯელო ღონისძიებაა. 

თუმცა თავად ინიციატორები კანონპროექტს ”სამართლიანს” უწოდებენ.  

”ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უარს აცხადებენ ხალხის ინტერესების წარმოდგენაზე [პარლამენტში], უარს აცხადებენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე და მუდმივად საუბრობენ რაღაც პარალელურ სტრუქტურებზე, რაღაც გაურკვეველ სახალხო აჯანყებებზე და ა.შ., ბუნებრივია, დაფინანსებას ვერ მიიღებენ,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, ”პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უნდა ისახავდეს მიზნად მათ ჩაბმას პოლიტიკურ პროცესებში და არა სხვა რაიმე ღონისძიებების წახალისებას”.
 
ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ის პარტიები, რომლებმაც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე 3% და საპარლამენტო არჩევნებზე 4% მაინც აიღეს. მათი დაფინანსების ოდენობა მიღებული ხმების მიხედვით განისაზღვრება.

თუმცა კანონპროექტი შეზღუდვებს უწესებს იმ პარტიებს, რომელთაც მიუხედავად 5%-იანი ბარიერის გადალახვისა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე, უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. ესენი არიან გაერთიანებული ოპოზიციის შემდეგი სუბიექტები: ახალი მემარჯვენეები, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, საქართველოს გზა, ხალხის პარტია, პარტია თავისუფლება და ეროვნული ფორუმი. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიციის ეს პარტიები წლიურად, დაახლოებით, 600 ათას ლარს ვეღარ მიიღებენ.

ბიოკოტის მონაწილე კიდევ ერთი პარტია  – კონსერვატორები, ისევე როგორც პარლამენტს გარეთ დარჩენილი რესპუბლიკური პარტია და მრეწველები დაფინანსებას კვლავ მიიღებენ, რადგან მათ საკმარისი შედეგი აჩვენეს 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, მას დაფინანსება ეკუთვნის როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე აღებული ხმების, ისე პარლამენტში შესვლის გამოც. ლეიბორისტები დაახლოებით 500 ათას ლარს მიიღებენ ბიუჯეტიდან. მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტების 4 დეპუტატი, მათი ლიდერის შალვა ნათელაშვილის ჩათვლით, აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევა, ისინი მაინც დეპუტატებად რჩებიან. როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა 2 ივლისს განაცხადა, ოთხივე მათგანს უკვე ჩაერიცხა სადეპუტატო ხელფასი.

დაფინანსებას, დაახლოებით, 200 ათასი ლარის ოდენობით ასევე მიიღებენ ერთობლივად გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი სუბიექტები ქართული დასი და პარტია ჩვენ თვითონ. ამ სუბიექტების ლიდერებმა ჯონდი ბაღათურიამ და პაატა დავითაიამ პარლამენტში შევლაზე უარი არ თქვეს. 

პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატებმა, რომელთა წლიური საბიუჯეტო დაფინანსება 560 ათას ლარს აღწევს, კანონპროექტს ”დისკრიმინაციული” უწოდეს.

”ეს არის უკანა რიცხვით გამოძახილი იმაზე, რაც ზოგიერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა გააკეთა. ეს მათი უფლება იყო – მათ უარი თქვეს მანდატებზე, მაგრამ დამძიმება მათი მდგომარეობის არის აბსოლუტურად მიუღებელი,”- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის სიით პარლამენტში გასულმა უპარტიო დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, კანონპროექტი მიღების შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს არა 21 მაისის არჩევნების შედეგებზე, არამედ შემდგომი არჩევნებისთვის უნდა დაადგინოს თამაშის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნება ”გამართლებული”.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ Civil.ge-ს განუცხადა, რომ ოპოზიცია გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წინაშე წარმოაჩინოს ის ფაქტი, რომ დაფინანსების შეწყვეტა ”ეს არის  ნაციონალური მოძრაობის ერთპიროვნული გადაწყვეტილება”.

”ეს არის უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დევნა მისთვის არასასურველი ოპოზიციის და იმავდროულად, მისთვის სასურველი და მორჩილი ოპოზიციის ფინანსური წახალისება,”- აცხადებს მამუკა კაციტაძე.

ნაციონალური მოძრაობა საბიუჯეტო დაფინანსების სახით, დაახლოებით, 1,7 მლნ ლარს იღებს ყოველწლიურად.

Back to top button