
დიმიტრი სანაკოევის კორტეჟს თავს დაესხნენ
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის დიმიტრი სანაკოევის ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა, შემდეგ კი მის კორტეჟს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაცვის სამი თანამშრომელი დაიჭრა, იტყობინება სანაკოევის პრესსამსახური.
თავად დიმიტრი სანაკოევი, რომელიც დღეს დილით ქურთადან ბათუმში მიემგზავრებოდა, ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ სანაკოევის მანქანა ”ოსი სეპარატისტების მიერ დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა”.
წინასწარი ინფორმაციით, ნაღმი შემოვლით გზაზე დისტანციური მართვის პულტით ამოქმედდა, ”სამშვიდობოების პოსტის მახლობლად”.
სანაკოევის პრესსამსახური ასევე აცხადებს, რომ აფეთქების შემდეგ სროლა სანაკოევის კორტეჟს სოფლებიდან – კოხათი და სარაბუკი – გაუხსნეს, რასაც საპასუხო სროლები მოჰყვა, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
სანაკოევის დაცვის სამი თანამშრომელი მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმთა განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ ინციდენტი შეაფასა, როგორც ”დიმიტრი სანაკოევის მკვლელობის მცდელობა”.
სეპარატისტული ხელისუფლება სანაკოევის ადმინისტრაციას თბილისის მართულ მარიონეტულ სტრუქტურას უწოდებს.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის დე ფაქტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირინა გაგლოევამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბარში მომხდართან ცხინვალის რაიმე კავშირი უარყო.
თუმცა მან ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა დღეს დილით სოფელ დმენისში მომხდარ კიდევ ერთ აფეთქებაში, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მილიციის უფროსი ნოდარ ბიბილოვი დაიღუპა. აფეთქება ბიბილოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.
თვითგამოცხადებული რეგიონის ხელისუფლების თქმით, ეს იყო ქართული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ”ტერორისტული აქტი”. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ ბიბილოვი ადრეც გამხდარა სამიზნე, როდესაც იმავე სოფელში თებერვალში მომხდარი აფეთქების შედეგად ის მსუბუქად დაშავდა.