ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია რუსეთის ქმედებების გამო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 3 ივლისს ასტანაში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო აფხაზეთთან მიმართებაში.

რეზოლუცია, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო დეკლარაციის ნაწილია, აღნიშნავს ”საქართველოს კონფლიქტურ ზონებში არასტაბილურობის ზრდას რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების ფონზე გააძლიეროს ოფიციალური ურთიერთობები სეპარატისტულ რეჟიმებთან”.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის ”ცალმხრივი გადაწყვეტილების” გამო აფხაზეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის თაობაზე.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას თავი შეიკავოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ისეთი ტიპის ურთიერთობებისგან, რომლებიც  ”საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სუვერენიტეტს”. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს ”დაიცვას ეუთოს სტანდარტები და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმები სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან არსებული კონფლიქტების მუქარისა და ძალის გამოყენებით მოგვარებასთან დაკავშირებით.

რეზოლუცია ასევე აფრთხილებს, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს ისედაც ფეთქებადსაშიში ვითარება ამ რეგიონებში და გამოიწვიოს, თუნდაც დაუგეგმავად, ამ რეგიონებში შეიარაღებული კონფლიქტების განახლება.

 

 

Back to top button