Placeholder canvas
ახალი ამბები

ბანკების აქტივები 8.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

საქართველოში მოქმედი ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები 15.7%-ით გაიზარდა 2008 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე და 8.342 მილიარდი ლარი შეადგინა, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 ივისს.

სულ საქართველოში 22 ბანკი ფუნქციონირებს. 

ხუთი უმსხვილესი ბანკის – საქართველოს ბანკი, თი-ბი-სი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა-სოსიეტე ჯენერალ, პროკრედიტბანკი და ბანკი ქართუ – აქტივების წილი საერთო საბანკო აქტივებში 2008 წლის მაისის ბოლოს 80.4%-დან 78.8%-მდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარ-მაისის პერიოდში ბანკების წმინდა მოგებამ 51.6 მილიონი ლარი შეადგინა – 16.2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეროვნული ბანკის ცნობით, მაისის ბოლოსთვის ბანკების საპროცენტო შემოსავლები გაიზარდა 65%-ით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 25 ივნისს განაცხადა, რომ ”მაისის მეორე ნახევარში, კერძო სექტორის დაკრედიტების მოზიდულ სახსრებთან შედარებით ზრდის მაღალმა დონემ საქართველოს საბანკო სისტემაში ლიკვიდობის დეფიციტი გამოიწვია. ლიკვიდობის დეფიციტის საპასუხოდ, კომერციულმა ბანკებმა მკვეთრად გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები.” 

მართალია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდას, ”ჯერჯერობით, გავლენა არ მოუხდენია სესხების ზრდის ტემპზე,” თუმცა დაზუსტებული მონაცემები ამის შესახებ ორიოდე თვეში იქნება ცნობილი. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა 1 ივლისს, რომ მაისის ბოლოსთვის საბანკო სესხების ოდენობა გაიზარდა 61.2%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5.3 მილიარდი ლარი შეადგინა. 

სესხების 46.8% სავაჭრო სექტორის დაფინანსებას მოხმარდა. მრეწველობამ 19.8% მიიღო, ხოლო მშენებლობამ 13.5%. ინდივიდუალური პირებისთვის გაცემული სესხების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და 2.1 მილიარდ ლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2008 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე ასევე გაიზარდა დეპოზიტები 38.5%-ით და 3 მილიარდ ლარს მიაღწია. დეპოზიტებმა ლარში 58.2%-ით აიწია, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 28.8%-ით. 

მსგავსი/Related

Back to top button