ახალი ამბები

რუსი სამშვიდობოების საგუშაგოს მახლობლად აფეთქება მოხდა

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსი სამშვიდობოების საგუშაგოს მახლობლად 2 ივლისს დილით ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

რეგიონში განთავსებული რუსი სამშვიდობოების წარმომადგენელმა  ”რია ნოვოსტის” და ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ ეს ქართული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ”პროვოკაციაა”, რაც სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

”უცნობმა მანქანამ ჩაუარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოსტს [ზუგდიდის რაიონში] ნომერ 310 საგუშაგოს [სადაც რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული] მიმართულებით,” – განაცხადა რუსი სამშვიდობო ძალების სარდლის თანაშემწემ ალექსანდრე დიორდიევმა, ”როდესაც მანქანა მიუახლოვდა საგუშაგოს, დაახლოებით, 300 მეტრზე, ის შემობრუნდა და ამ მომენტში რაღაც გადმოაგდეს მანქანიდან, რასაც შემდეგ აფეთქება მოყვა”.

მისი თქმით, შემდეგ მანქანამ ისევ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს მახლობლად გაიარა ისე,  რომ ის არც შეამოწმეს.

”ქართული სპეცსამსახურის ქმედებები პროვოკაციული ხასიათისაა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონის სამხრეთ ნაწილში სიტუაციის დესტაბილიზაციას და სამშვიდობოთა პროვოცირებას ისახავს მიზნად,” – დასძინა დიორდიევმა.

 

Back to top button