ახალი ამბები

”რუსთავი 2”: აფხაზეთში აფეთქებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა 30 ივნისს საღამოს 9-საათიან კურიერში განაცხადა, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა გაგრასა და სოხუმში მომხდარი ოთხი აფეთქების შედეგად.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 20 ადამიანი ”მძიმედ დაშავდა”. ერთი ადამიანი გაგრაში დაიღუპა, სადაც 29 ივნისს ორი აფეთქება მოხდა, ხოლო სამი – სოხუმში, სადაც 30 ივნისს ასევე ორი აფეთქება მოხდა, განაცხადა ”რუსთავი 2”-მა ინფორმაციის წყაროს დასახელების გარეშე.

”ორი მათგანი რუსი ტურისტია,” – განაცხადა ტელეკომპანიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ მარშანიამ კატეგორიულად უარყო გაგრასა და სოხუმში მომხდარი აფეთქებების შედეგად ვინმეს დაღუპვის ფაქტები. აფხაზური და რუსული წყაროების ცნობით, ოთხი აფეთქების შედეგად სულ 12 ადამიანი დაშავდა მსუბუქად.

აფხაზმა სამართალდამცავებმა ისიც კი განაცხადეს, რომ სოხუმში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ შეიცავდა ნამსხვრევებს (ლურსმანი ან მეტალის ბურთულები), რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომხდარის ძირითადი მიზანი დაშინება იყო და არ იყო გათვლილი მსხვერპლზე.

რუსული საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” თავდაპირველად იტყობინებოდა, რომ სოხუმში დაშავებულთა შორის იყო ერთი რუსი ტურისტი. თუმცა, მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.  

მსგავსი/Related

Back to top button