
სოხუმმა ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ 1 ივლისს ჩაკეტა დე ფაქტო საზღვარი საქართველოსთან. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ოთხი აფეთქება რეგიონში, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა.
აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ ტელეკომპანია ”ვესტის” განუცხადა, რომ ხუთივე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაიკეტა და კონტროლი საზღვარზე გამკაცრდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ენგურის ხიდზე გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს გალის რაიონში მცხოვრები ათასობით ეთნიკური ქართველისთვის, რომელთაც ინტენსიური კონტაქტები აქვთ ზუგდიდის რაიონთან.
აფხაზურმა მხარემ ვერ დააკონკრეტა როდემდე იქნება საზღვარი ჩაკეტილი. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ საზღვარი ტურისტული სეზონის დასრულებამდე არ გაიხსნება.