
ქართული ენის გამოცდა არ გაუქმდება – სააკაშვილი
უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად ქართული ენის გამოცდა არ გაუქმდება, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში მის სტიპენდიანტებთან შეხვედრისას.
”განათლების რეფორმა წარმატებულია და ის უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ექსცესები არ უნდა იყოს,”- განაცხადა მან, ”ამ ბოლო დღეებში მოვესწარი კამათს იმის შესახებ უნდა გაუქმდეს თუ არა ამ ფორმით ქართულ ენაში გამოცდა. მე მინდა ვუთხრა ზოგიერთ სახელმწიფო მოხელეს: მეტიჩრობას დაანებონ თავი და თავის ავადმყოფური ფანტაზიები ზოგიერთმა შეინახოს თავისთან სახლში”.
აჟიოტაჟი ქართული ენის ეროვნული გამოცდებიდან ამოღების შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა სიმონ ჯანაშიამ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში შესაძლებლად მიიჩნია ქართული ენის გამოცდის გამარტივება TOEFL ტიპის ტესტების მსგავსად. ამ განცხადებას მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. განათლების სამინისტრომ უარყო ”ჭორი” ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების ნუსხიდან ქართულ ენის ამოღების შესახებ და მას ”უსაფუძვლო” უწოდა.
”არანაირი ქართული გამოცდის სახეცვლილებაზე დღევანდელი ფორმით ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 30 ივნისს.
თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ქართული ენაში გამოცდის ახალი სტანდარტის შემოღება საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის.
”ჩვენ გვჭირდება ისეთი სტანდარტები შემოვიტანოთ ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომ მათთვის ბარიერი არ იყოს ენის იმ დონეზე არ ცოდნა, რათა შემოვიდნენ უმაღლეს სასწავლებლებში – აზერბაიჯენელებისთვის, ქართველი სომხებისთვის, ქართველი ოსებისთვის, ვინც კარგად არ ფლობს ქართულ ენას, ჩვენ გვჭირდება ამ სხვა სტანდარტის შემოღება”,”- აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.