ახალი ამბები

აფხაზეთში ორ დღეში ოთხი აფეთქება მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, 30 ივნისს სოხუმის ცენტრში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა – ანალოგიური ინციდენტი გუშინ გაგრაში მოხდა, როდესაც ასევე ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

ორშაბათს შუადღეს სოხუმის ბაზრის მახლობლად ორი აფეთქება მოხდა, განაცხადა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება, რომ დაშავებულთა შორისაა რუსი ტურისტი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

29 ივნისს ორი აფეთქება გაგრის ბაზრის ტერიტორიის მახლობლად მოხდა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართული მხარე დაადანაშაულეს ”ტერორისტულ აქტში”, რაც მიზნად ისახავს რეგიონში ტურისტული სეზონის ჩაშლას.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა გაგრის ინციდენტის შემდეგ, რომ ბაზრის ტერიტორია განზრახ იქნა შერჩეული, რათა დიდი მსხვერპლი ყოფილიყო.

თუმცა, სოხუმში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ”რია ნოვოსტი” იტყობინებოდა აფხაზ სამართალდამცავებზე დაყრდნობით, რომ სოხუმში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ შეიცავდა ნამსხვრევებს (ლურსმანი ან მეტალის ბურთულები), რაც იმიაზე მიუთითებს რომ მომხდარის ძირითადი მიზანი დაშინება იყო და არ იყო გათვლილი მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამოწვევაზე.

”როგორც ჩანს, აფეთქებების მიზეზი იყო მოსახლეობის დაშინება და ტურისტული სეზონის ჩაშლა,” – განუცხადა თვითგამოცხადებული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ გაიდუკოვმა ”რია ნოვოსტის”.  

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ორივე ინციდენტში ქართული მხარე დაადანაშაულა და განუცხადა ”რია ნოვოსტის”, რომ 1 ივლისიდან აფხაზური მხარე ჩაკეტავს ადმინისტრაციულ საზღვარს საქართველოსთან.

ქართულმა მხარემ კატეგორიულად უარყო რაიმე კავშირი აფხაზეთში მომხდარ აფეთქებებთან და ამ ბრალდებებს ”აბსურდული” უწოდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, აფეთქებების მიზეზი იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა სხვადასხვა აფხაზურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ განაცხადა, რომ აფეთქებები ”ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას” ისახავდა მიზნად რეგიონში ანტი-ქართული განწყობის გაღრმავების მიზნით.

იმავდროულად, გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი 30 ივნისს ბერლინში იკრიბება და აფხაზეთის საკითხს განიხილავს.

ჯგუფის წევრი დიპლომატები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან და აშშ-დან განიხილავენ დაძაბულობის შემცირების და თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკებების განახლების ხელშეწყობის წინადადებებს.

მიხეილ სააკაშვილის ბერლინში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობაში პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გერმანულმა მხარემ მეგობართა ჯგუფის ფარგლებში ”სამეტაპიანი გეგმა” მოამზადა. 

ამ გეგმის მიხედვით: პირველ ეტაპზე უნდა გაუქმდეს ვლადიმერ პუტინის 16 აპრილის განკარგულება, აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს სამშვიდობო ფორმატით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამხედრო ფორმირებები და უნდა მოხდეს სამშვიდობო ფორმატის გადახედვა; მეორე ეტაპი კონფლიქტური ზონების ეკონომიკურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მათ შორის გალსა და ოჩამჩირეში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას; ხოლო მესამე ეტაპი კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოიცავს. 

თავიანთ განცხადებებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ ამ ”გეგმას” და განაცხადეს, რომ თბილისის დასავლელ პარტნიორებზეა ახლა დამოკიდებული დაარწმუნონ რუსეთი გაიზიაროს ის.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 27 ივნისს, რომ ჯერ არანაირი გეგმა არ შემუშავებულა და რომ ის მხოლოდ საწყის ეტაპზეა. მისი თქმით, საუბარია ცალკეული სახელმწიფოების გარკვეულ შემოთავაზებაზე. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მეგობართა ჯგუფი შეეცდება ამ საკითხზე პოზიციის ფორმირებას ბერლინში დაგეგმილ შეხედრაზე.

Back to top button