
პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტები სუამის სამიტს დაესწრებიან
პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტები, ლეხ კაჩინსკი და ვალდას ადამკუსი სუამის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 1 ივლისს ბათუმში ჩატარდება.
სამიტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ვიქტორ იუშჩენკო და ილჰამ ალიევი. თავდაპირველად, სამიტს მოლდოვას პრემიერ-მინისტრი უნდა დასწრებოდა, თუმცა შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყანას შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოადგენს.
სუამის წევრი სახელმწიფოები არიან საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. თუმცა, ეს უკანასკნელი ბოლო დროს ორგანიზაციის მიმართ გულგრილობას იჩენს.
მარტში მოლდოვას პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა გააკრიტიკა სუამი და განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციამ ვერ შეძლო რეალური შედეგების მიღწევა.
”როდესაც იქმნებოდა სუამი, მას სხვა მიზნები ჰქონდა. განიხილებოდა ოდესა-ბროდი-გდანსკის ნავთობსადენის მშენებლობის საკითხი. მაგრამ როდესაც მარშრუტს შევხედე, ის გვერდს უვლიდა მოლდოვას,” – განაცხადა ვორონინმა, ”გარდა ამისა, საკმაოდ უცნაური რამეები მოხდა გასულ წელს. დაიწყო საუბარი [სუამის] სამშვიდობო ძალების შექმნაზე. მე ვკითხე, რისთვის? და მათ მიპასუხეს: ჩვენ ყველას გვაქვს კონფლიქტები. და მერე რა? ჩვენ უკვე გვყავს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამშვიდობო ძალები, რისთვის გვჭირდება კიდევ დამატებითი? მადლობა ღმერთს, სუამში გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღება და როდესაც ჩვენ უარი ვთქვით დოკუმენტის ხელმოწერაზე, ეს ინიციატივა ჩაიშალა”.
ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვალდას ადამკუსი სუამის სამიტზე განიხილავს საქმიანობას, რომელიც ”მიმართულია რეგიონში ენერგო და სატრანსპორტო პროექტების განვითარების გაძლიერებისკენ”, ასევე სუამის ურთიერთობებს გაეროსთან, ეუთოსთან, ევროკავშირთან და ნატოსთან.