ახალი ამბები

გაგრაში აფეთქებამ ექვსი ადამიანი დაჭრა

ექვსი ადამიანი დაიჭრა გაგრაში 29 ივნისს, დილით ადრე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, იტყობინებიან არაღიარებული რესპუბლიკის ოფიციალური პირები.

ორი აფეთქება, დაახლოებით ხუთ-წუთიანი ინტერვალით, გაგრის ცენტრალური ბაზრის სიახლოვეს მოხდა. ექვსივე დაშავებული ადგილობრივი მაცხოვრებელია. ხუთი მათგანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა ერთის სოჭის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ექვსივე პირი ბაზართან მომხდარი პირველი აფეთქების დროს დაიჭრა; მეორე აფეთქება, რომელიც შედარებით სუსტი იყო, იქვე არსებული სუპერმარკეტის გარეთ მოხდა.

”ეს არის ტერორისტული აქტი აფხაზეთის წინააღმდეგ, ასევე იმ რუსების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოდიან დასასვენლებლად,” – განუცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სააგენტო ”ინტერფაქს.”

”საქართველო დგას ამ ტერორისტული აქტების უკან. საქართველო არ წყვეტს მცდელობებს მოახდინოს აფხაზეთის დესტაბილიზაცია,” – დასძინა მან.

თენგიზ ლაკერბაიამ, არაღიარებული რესპუბლიკის ტურისმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, სააგენტო ”რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ აფეთქებები ”როგორც ჩანს, ტურისტული სეზონის ჩაშლას ისახავს მიზნად.”

ქართულმა მხარემ კატეგორიულად უარყო ბრალდებები. პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ განაცხადა, რომ აფეთქება ”ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას ისახავდა მიზნად,” რათა გაიზარდოს ანტი-ქართული განწყობა რეგიონში. ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ აფეთქება შესაძლოა აფხაზეთის სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებას შორის არსებული დაპირისპირების შედეგია.  

ორიოდე დღის წინ აფეთქების ხმა გაისმა სოხუმშიც, თუმცა მასში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს უმნიშვნელო შემთხვევა და ”ხულიგნობა” იყო.

Back to top button