ახალი ამბები

ინგა გრიგოლია თავისი თოქ-შოუს დახურვას არ გამორიცხავს

პოლიტიკური თოქ-შოუ ”Primetime” არ დახურულა, თუმცა ”ვერაფრით ვიტყვი ხვალ და ზეგ რა იქნება”, განაცხადა გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ გაზეთ ”რეზონანსში” 28 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

”Primetime” ეთერში ”რუსთავი 2”-ზე სექტემბრიდან გავა, ნაცვლად ივლისისა იმ მოტივით, რომ გრიგოლიას განცხადებით, ოპოზიციამ საზაფხულო ტაიმ-აუტი გამოაცხადა და ”სულ ნინო ბურჯანაძეს და გიორგი თარგამაძეს ვერ დავსვამ ეთერში”. ივნისში გადაცემამ იძულებითი საეთერო პაუზა გამოაცხადა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების გამო. სწორედ მაშინ გაჩნდა ვარაუდები, რომ ინგა გრიგოლიას გადაცემას უხურავდნენ.

”პირობას გაძლევთ, თუ გადაცემა დაიხურა, პირდაპირ ვიტყვი, რომ გადაცემა დაიხურა,”- განაცხადა გრიგოლიამ,

მან ასევე კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის მოადგილედ დანიშვნის თაობაზე, თუმცა კითხვაზე დათანხმდება თუ არა ის ამ თანამდებობას შეთავაზების შემთხვევაში, უპასუხა: ”არ ვიცი. თუ უნდოდა, შესაძლებელი იყო, დროულად ყოფილიყო ეს შემოთავაზება”.

”მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი გადაცემის გარეშე,”- აღნიშნა მან, ”თუმცა, ოდესმე არ გამოვრიცხავ დავტოვო გადაცემა, გადავინაცვლო და ვიმუშაო კულუარებში, როგორც პროდიუსერმა”.

მან ასევე არ გამორიცხა დეკემბერში არსებული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელში ან ტელეკომპანია ”იმედში” მუშაობის გაგრძელება. ”ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სექტემბერში გადის ”იმედი” ეთერში,”- დასძინა მან.

გრიგოლიამ ”ჟურნალისტიკის და თავისუფალი სიტყვის” პრობლემად შეაფასა ტელეკომპანია ”მზის” საინფორმაციო მაუწყებლობის დახურვა, რის ოფიციალურ მიზეზადაც ფინანსური პრობლემები დასახელდა.

”მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, პირველ რიგში დაინტერესებული ვიქნებოდი არ დახურულიყო გადაცემები და ტელევიზიები. ნოემბრის დღეებში თუ რამემ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, ეს იყო პასუხგაუცემელი კითხვები,”- აცხადებს გრიგოლია ინტერვიუში, ”შესაბამისად, ხელისუფლება მეტად უნდა ზრუნავდეს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისთვის”.

 

 

 

მსგავსი/Related

Back to top button