
სააკაშვილი მედიის თავისუფლების შესახებ
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლების პრობლემა არ არსებობს, თუმცა არსებობს ”დემოკრატიის კულტურის” ნაკლებობა და ბევრი რამ არის გასაკეთებელი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
სააკაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ტელეკომპანია ”კავკასიის” ჟურნალისტმა 27 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვა კითხვა, თუ რას ფიქრობდა ის მედიის თავისუფლების შესახებ. ”მოგეხსენებათ რა პრობლემები შეექმნა ტელევიზიებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მათ შორის, ნოემბერში,” – მიმართა ჟურნალისტმა სააკაშვილს.
სააკაშვილმა კითხვას კითხვითვე უპასუხა: ”რა პრობლემები? რა პრობლემები აქვს ტელეკომპანია ”კავკასიას”?”
”ნოემბერში ჩვენ დაგვხურეს,” – უპასუხა ჟურნალისტმა.
”ნოემბერში იყო საგანგებო მდგომარეობა და საქართველოში რამდენიმე დღით ყველა ტელევიზია დაიხურა. ამ პერიოდის შემდეგ, მიმაჩნია, რომ თქვენი ტელევიზია გაიფურჩქნა და დიდ წარმატებებსაც აღწევს,” – განაცხადა სააკაშვილმა. საგანგებო მდგომარეობის დროს სამი ტელეკომპანია – კავკასია, იმედი და ბათუმში განთავსებული 25-ე არხი – დაიხურა, ხოლო დანარჩენებს საინფორმაციო გადაცემების გაშვება აეკრძალათ.
შემდეგ ”კავკასიის” ჟურნალისტმა უთხრა სააკაშვილს, რომ ბიზნესმენებს იბარებენ ფინანსურ პოლიციაში და მათ ”კავკასიის” ეთერიდან რეკლამების მოხსნას აიძულებენ. სააკაშვილმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
”თუმცა ერთი რამ სრულიად ცხადია,” – განაგრძო მან, ”თუკი რაიმე ილუზია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე აზრი საქართველოში არ გამოითქმებოდა, ან რაიმე თემა დახურული იყო, ყველაფერი გაქარწყლდა… ჩვენ არ გვაქვს დემოკრატიული კულტურის გამოცდილება და ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ”.