
სააკაშვილი: რაიმე სერიოზული ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება”.
27 ივნისს ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე საუბრისას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს მაშინვე წარედგინება დასამტკიცებლად, როგორც კი დასრულდება საპარლამენტო ფრაქციების შექმნის პროცესი.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღემდე უამრავი სპეკულაცია არსებობს მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე, თუმცა დასძინა, რომ ”სერიოზული ცვლილებები” მოსალოდნელი არ არის.
მედია საშუალებებით ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ დაგეგმილი ცვლილებები რამდენიმე მინისტრს შეეხება, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს და ეკონომიკის მინისტრს ეკა შარაშიძეს. ასევე ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გახდებოდა, ხოლო პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს თბილისის მერი გიგი უგულავა შეცვლიდა.