ახალი ამბები

თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის დეტალები

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, რომელიც პარლამენტმა 15 ივლისისთვის უნდა მიიღოს, 295 მლნ ლარით იზრდება და რეკორდულ მაჩვენებელს  – 1.395 მლრდ ლარს მიაღწევს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელი სხდომის ფარგლებში ცნობილი გახდა ის მიმართულებები, რომლებზეც გაზრდილი დაფინანსება გადანაწილდება.

295 მლნ-დან ყველაზე მეტი – 237.039 მლნ ლარი – დაიხარჯება საბრძოლო მასალების შეძენაზე, რეზერვისტების მომზადება-გადამზადებაზე, წვრთნების ჩატარებაზე, არსებული ტექნიკის მოდერნიზებასა და ერაყში სამშვიდობო ოპერაციაში ქართველი სამხედროების გაგზავნაზე.

29.960 მლნ ლარი დაიხარჯება ქობულეთსა და კოპიტნარში საავიაციო ბაზის მშენებლობაზე, ასევე ხონის რეზერვისტთა ბაზის მშენებლობაზე, ვაზიანის სამხედრო ბაზის მშენებლობაზე, ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

”ეს არის უკვე არსებული ბაზები, რომელთა მოდერნიზაცია მოხდება ნატოს სტანდარტების შესაბამისად,” – განუცხადა 27 ივნისს Civil.ge-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, ”ეს ინფრასტრუქტურა საჭიროა ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის სისტემების სრულად ფუნქციონირებისათვის”.

დამატებით 25.750 მლნ ლარი მოხმარდება შეიარაღებულ ძალებში კვალიფიციური კადრების მოზიდვას და გადამზადებას ისეთ პროფესიებში, როგორიცაა მფრინავები, ბორტინსტრუქტორები, შტურმანები, არტილერისტები და ა.შ.

2.5 მლნ ლარი გამოიყოფა სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფისთვის. თუმცა იმავდროულად 248 ათასი ლართ შემცირდება თავდაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები. 

მთლიანობაში 2008 წლის ბიუჯეტი 226 მლნ ლარით მატულობს, თუმცა გარდა ზრდისა, სხვადასხვა სფეროებს აკლდებათ დაფინანსება, რაც ასევე წარმოადგენს თავდაცვის სფეროს დაფინანსების 295 მლნ ლარით ზრდის ერთ-ერთ მთავარ წყაროს.

Back to top button