ახალი ამბები

რურუა ბურჯანაძის საპრეზიდენტო ამბიციებზე

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკური ”ტაიმ-აუტი” თავის სავარაუდო საპრეზიდენტო ამბიციების რეალიზების დრომდე აიღო, მაგრამ ”აქტიური პოლიტიკიდან წასვლა და შემდეგ დაბრუნება ცოტა ძნელია ხოლმე”, აცხადებს მმართველი პარტიის გავლენიანი დეპუტატი ნიკა რურუა გაზეთ ”24 საათში” 27 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

საქართველოში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ხუთი წლის შემდეგ ჩატარდება.

”ბურჯანაძე თავს, ალბათ, საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრებს. ამიტომ მას სურს პოლიტიკურ პროცესებს გაერიდოს, არ მიიღოს დარტყმები, ზარალი, რისკის ქვეშ არ დააყენოს პოლიტიკური რეპუტაცია და იმიჯი. მას უნდა, რომ როდესაც ეს [საპრეზიდენტო არჩევნების] ვადა მოახლოვდება, ჩაებას პოლიტიკურ პროცესებში,”- აცხადებს რურუა.

”რამდენად გონივრული საქციელია ეს, რთული სათქმელია,”- დასძენს იგი.

ნინო ბურჯანაძემ 21 აპრილს მმართველი პარტია პარტიულ სიებზე შეუთანხმებლობის მოტივით მოულოდნელად დატოვა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.  მან ივნისში განაცხადა, რომ აფუძნებს დემოკრატიული განვითარების ფონდს, რაც მისი პოლიტიკაში ყოფნის ახალი ფორმაა. ბურჯანაძის განცხადების მისთვის ამ ეტაპზე ფონდია პრიორიტეტული. მან ასევე არ გამორიცხა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება, თუმცა გრძელვადიან გეგმებზე საუბარს თავი აარიდა.

ბურჯანაძის მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ის დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკას. ”ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, დარწმუნებული ვარ ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში,”- განაცხადა სააკაშვილმა 21 აპრილს.

Back to top button