ახალი ამბები

კომერსანტი – თბილისი მოსკოვს აფხაზეთის გაყოფის გეგმას სთავაზობს

თბილისმა მოსკოვს აფხაზეთის გავლენის სფეროებად დაყოფა შესთავაზა, იტყობინება რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 27 ივნისს.

საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცნობ წყაროებზე დაყრდნობით, გაზეთი იტყობინება, რომ გეგმა ითვალისწინებს აფხაზეთის ფაქტიურ დაყოფას, რომლის თანახმადაც გალის და ოჩამჩირის რაიონები თბილისის კონტროლს დაექვემდებარება, ხოლო ოჩამჩირიდან ჩრდილოეთ ნაწილი რუსეთის დე ფაქტო კონტროლს.

”თბილისის გეგმა ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაუყონებლივ დაბრუნებას გალის და ოჩამჩირის რაიონებში… და რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლებას ამ რაიონებში შერეული ქართულ-აფხაზური საპოლიციო ძალებით,” – წერს ”კომერსანტი”.

გაზეთის ცნობით, ფორმალურად საქართველოს სუვერენიტეტი აღდგება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ ფაქტიურად აფხაზეთის დიდი ნაწილი ოჩამჩირის ჩრდილოეთით რუსეთის კონტროლს დაექვემდებარება.

”ამრიგად, გარიგების ყველა მონაწილე თავიანთ მიზნებს მიაღწევს და სახეს შეინარჩუნებს,” – წერს ”კომერსანტი”, ”პრეზიდენტ სააკაშვილს შეეძლება საზეიმოდ გამოაცხადოს აფხაზეთის დაბრუნების შესახებ; აფხაზური მხარე, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგავს კონტროლს რეგიონის უმნიშვნელო ნაწილზე, გარანტირებულად მიიღებს ფაქტიურ დამოუკიდებლობას თბილისისგან. ხოლო მოსკოვის ჯილდო დახმარების სანაცვლოდ იქნება თბილისის უარი ნატოში მისწრაფებაზე”.

გაზეთის ცნობით, რუსეთი სერიოზულად მიუდგა ამ წინადადებას და ეს საკითხი აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან განიხილა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების გარდა, 26 ივნისს მოსკოვში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდა. თუმცა, ”კომერსანტი” ასევე წერს, რომ ამ გეგმამ აფხაზურ მხარეზე დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა.

ბრიუსელში განთავსებულმა ორგანიზაციამ კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაყოფის გეგმას განიხილავენ.

”ზოგიერთების ვარაუდით, გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთთან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი, რომელმაც შესაძლოა უარი თავის გავლენაზე აფხაზეთის იმ ნაწილზე, სადაც მისი ინვესტიციები უფრო დაბალია, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარების სანაცვლოდ,” – ნათქვამია მოხსენებაში.

 

 

 

Back to top button