ახალი ამბები

”მზის” საინფორმაციო გამოშვება ეთერში აღარ გავა

ტელეკომპანია ”მზის” საინფორმაციო გამოშვება ”მზერა” დღეიდან ეთერში აღარ გავა. ამის მიზეზად Civil.ge-ს ტელეკომპანიაში ფინანსური პრობლემები დაუსახელეს.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ განმარტებები არ გაუკეთებია. სამომავლო გეგმებზე ”მზის” ოფიციალური წარმომადგენლები მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას. 

”მზერა” ეთერში საათში ერთხელ ვრცელი გამოშვებებით, ხოლო შუალედებში – ყოველ ნახევარ საათში მოკლე საინფორმაციო კოლაჟებით გადიოდა.

იმავდროულად, ვრცელდება ვარაუდები, რომ ტელეკომპანია შესაძლოა მთლიანად დაიხუროს ან როგორც თავიდან იგეგმებოდა,  გასართობ არხად გარდაიქმნას. 

ტელეკომპანია ”მზე” 2006 წელს შექმნილი მედიაჰოლდინგის ნაწილია ტელეკომპანიებთან ”რუსთავი 2”-თან და ”პირველ სტერეოსთან” ერთად.

ჰოლდინგის ერთ-ერთი მფლობელია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც "რუსთავი2"-სა და "მზე"-ში 22%-22%-ს ფლობს. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში) მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ძმა.  დანარჩენ აქციებს ”რუსთავში 2”-ში და ”მზეში”, ანუ 55%-ს გეომედია ჯგუფი ფლობს. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოიპოვება ის არის, რომ ეს კომპანია მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

მსგავსი/Related

Back to top button