ახალი ამბები

მერკელი საქართველოს ნატოში მისწრაფებისა და აფხაზეთში დაძაბულობის შესახებ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა  საქართველოს ნატოში მისწრაფების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პროგრესია საჭირო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

ბერლინში პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას მერკელმა განაცხადა, როგორც ამის შესახებ Deutsche Presse-Agentur (DPA) და ”როიტერი” იტყობინებიან, რომ საქართველო ერთ დღესაც გახდება ნატოს წევრი, მაგრამ მას სჭირდება მკაფიო ინსტრუქციები, თუ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ წევრობის კრიტერიუმები შეასრულოს.

მან ასევე განაცხადა, რომ არც ერთ სხვა მხარეს, გარდა თავად განმცხადებელისა და ალიანსისა, არ აქვს სიტყვის უფლება ნატოს წევრობის საკითხის გადაწყვეტისას.

მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულ ”დინამიურ კურსს” საშინაო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, თუმცა მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას ჩაერთოს საპარლამენტო პროცესში, იტყობინება DPA.

DPA ასევე იტყობინება პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ თბილისი ”რეალისტურადაა განწყობილი” ნატოში ინტეგრაციის მიმართ.

”საქართველოს სჭირდება კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპები, კონკრეტული კრიტერიუმები,” – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას ”ძალიან კარგი საუბარი” ჰქონდა გერმანიის კანცლერთან ამ საკითხზე.

მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია იზიარებს საქართველოს წუხილებს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით აფხაზეთში, თუმცა მოუწოდა საქართველოს თავშეკავებისკენ.

მან ასევე ნათლად მიანიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები უნდა დარჩნენ აფხაზეთში, სანამ მათი ალტერნატივა არ მოიძებნება.

”ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას რუსეთის მიერ იქ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების გამო. მაგრამ მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს მშვიდობა, რადგანაც კონფლიქტის ესკალაცია საკითხის მოგვარებას ნამდვილად არ უწყობს ხელს,” – იტყობინებიან DPA და ”როიტერი” მერკელის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

”ჩვენ ასევე ვაცხადებთ, რომ ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს, რომ არ უნდა მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია და რომ რუსეთის სამშვიდობო მისიამ უნდა განაგრძოს თავისი საქმიანობა, სანამ ახალი ვარიანტი მოიძებნება მოლაპარაკებების გზით,” – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის სურვილია აქტიური როლი ითამაშოს კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარებაში, რუსეთის მონაწილეობით და იქვე დასძინა, რომ ეს პროცესი არ უნდა გადაიდოს.

გერმანიის კანცლერის თქმით, საქართველოს საკითხი 26-27 ივნისს ევროკავშირი-რუსეთის სამიტის ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება.

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმედი გამოთქვა მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან კონტაქტები იმედის მომცემია.

”მე სასიამოვნოდ განმაცვიფრა იმ უფრო სერიოზულმა მიდგომამ… ვიდრე მე მიჩვეული ვიყავი წარსულში ზოგიერთი თანამოსაუბრისგან,” – განაცხადა მან, რომლის დროსაც მინიშნება ყოფილ პრეზიდენტზე ვლადიმერ პუტინზე გააკეთა.

Back to top button