ახალი ამბები

წლიური ინფლაციის დონემ 11.2% შეადგინა

მაისის ბოლოსთვის წლიური ინფლაციის დონე 12.3%-დან 11.2%-მდე შემცირდა, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 ივნისს.

”მართალია, საქართველოში არსებული ინფლაციის ტემპი აღემატება მის სასურველ დონეს, იგი უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში,” – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ გამართული სხდომის შემდეგ.

საქართველოს მთავრობის მიზანია 2008 წლისთვის ინფლაციის დონე 8%-ზე შეინარჩუნოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ძირითადი განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 12% შეადგენს.

”მაისის მეორე ნახევარში, კერძო სექტორის დაკრედიტების მოზიდულ სახსრებთან შედარებით ზრდის მაღალმა დონემ საქართველოს საბანკო სისტემაში ლიკვიდობის დეფიციტი გამოიწვია, რომლის დაძლევასაც ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის მუდმივმოქმედმა ინსტრუმენტებმა. ლიკვიდობის დეფიციტის საპასუხოდ, კომერციულმა ბანკებმა მკვეთრად გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები,  რომელთა ზრდას, ჯერჯერობით, გავლენა არ მოუხდენია სესხების ზრდის ტემპის შენელებაზე. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება ამ მაჩვენებლის დინამიკაზე,” – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 

 

Back to top button