
სავაჭრო დეფიციტმა 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს სავაჭრო დეფიციტმა 2008 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე 1.986 მილიარდი დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.4 მილიარდს შეადგენდა.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, 2008 წლის იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ანუ 40.5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტის მოცულობამ 611.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტმა – 2.598 მილიარდს.
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2008 წლის იანვარ-მაისის პერიოდში 440.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13.7%-ს შეადგენს.
მეორე უმსხვილესი პარტნიორია აზერბაიჯანი 327 მილიონი აშშ დოლარით (10.2%). მას მოყვება უკრაინა – 295 მილიონი აშშ დოლარი (9.2%), გერმანია – 235.4 მილიონი აშშ დოლარი (7.3%).
რუსეთი მეხუთე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიონია, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 195.9 მილიონი (6.1%) შეადგინა. შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები – 192.7 მილიონი (6%), არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 145.2 მილიონი (4.5%) და ჩინეთი – 128.9 მილიონი (4%).
საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქციას ფეროშენადნობი წარმოადგენს, რასაც მოყვება შავი ლითონის ჯართი, სპილენძი და სასუქები.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში ძირითადად შემოდის ნავთობპროდუქტები და ენერგომატარებლები. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ენერგოპროდუქტებზე ფასების ზრდა, რაც იმპორტის ღირებულებას ზრდის, არის საქართველოს სავაჭრო დეფიციტის ზრდის მთავარი მიზეზი.