ახალი ამბები

Primetime ეთერში სექტემბრიდან გავა

პოლიტიკური თოქ-შოუ Primetime, ივლისის ნაცვლად, სექტემბერიდან გავა ეთერში, განუცხადა Civil.ge-ს გადაცემის პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ.

Primetime-ის წამყვანმა ინგა გრილოლიამ თავის ბოლო გადაცემაში 5 ივნისს განაცხადა, რომ თოქ-შოუ ივლისიდან დაბრუნდებოდა ეთერში, რადგან ერთთვიან პაუზას იღებდა იმის გამო, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია ჰქონდა დაგეგმილი. იმავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიგოლიას გადაცემა შესაძლოა დაუხუროს, რაც ხელისუფლების კულუარებში კატეგორიულად არ უარყვეს. ცოტა ხნის წინ გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში გრიგოლიამ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია გადაცემის დახურვის გეგმები და დასძინა, რომ გადაცემის მწარმოებელს TBC-TV სტუდიას ”რუსთავი 2”-თან კონტრაქტი ”Primetime"-ის გაშვებაზე დეკემბრამდე აქვს გაფორმებული.

მაია სტეფნაძის განცხადებით, გადაცემის სექტემბრიდან განახლების გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ იმის გამო მიიღო, რომ ოპოზიციამ ზაფხულის პერიოდში პოლიტიკური ”ტაიმ-აუტი” გამოაცხადა

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი არცერთი ტელეკომპანიის ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ არ გადის. საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთადერთი პოლიტიკური თოქ-შოუ ”დღის კომენტარი”, რომელიც ეთერში სამშაბათს და პარასკევს საღამოობით გადიოდა,  საზაფხულო შვებულების მოტივით 17 ივნისს ასევე დაემშვიდობა მაყურებელს სექტემბრამდე. პოლიტიკური თოქ-შოუ არ შეუწყვეტია ოპოზიციურ ტელეკომპანია ”კავკასიას”, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს.

 

მსგავსი/Related

Back to top button