
პარლამენტმა უმრავლესობიდან ვიცე-სპიკერები და ორი კომიტეტის თავმჯდომარე დაამტკიცა
პარლამენტის სპიკერატში საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი კანდიდატურა ერთხმად დაამტკიცეს დღეს პარლამენტის სხდომაზე.
ესენი არიან: დეპუტატი გიგი წერეთელი, რუსუდან კერვალიშვილი- სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრიდონ თოდუა- ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომლითაც ვიცე-სპიკერების რაოდენობა ოთხიდან ცხრამდე გაიზარდა დღევანდელ სხომაზე ხელახლა უყარეს კენჭი პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე მიხეილ მაჭავარიანის კანდიდატურას. სპიკერატში აჭარის კვოტა 11 ივნისს შეავსო ანზორ ბოლქვაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ხულოს რაიონიდან.
რეგლამენტში ცვლილებების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თავად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს; არა უმეტეს სამს საპარლამენტო უმრავლესობა; ხოლო სამი კანდიდატის წარდგენის უფლება ბარიერგადალახულ ძალებს აქვთ, რომლებიც უმრავლესობის გარეთ არიან დარჩენილები; ორი ვიცე-სპიკერი კი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიიდან არჩეული დეპუტატები გახდებიან. პარლამენტში მყოფ ოპოზიციურ ძალებს თავიანთი კანდიდატურები ვიცე-სპიკერის პოსტებზე ჯერ არ დაუსახელებიათ.
დღესვე სხდომაზე დაამტკიცეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარედ გიორგი ასანიძე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური გახდა.
13 კომიტეტის თავმჯდომარე, ყველა მმართველი პარტიიდან პარლამენტმა 11 ივნისს აირჩია.