ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩები ცხინვალის რეგიონს ესტუმრნენ

თბილისში აკრედიტირებული ევროკავშირის ელჩების ჯგუფი 23 ივნისს ცხინვალის რეგიონს ესტუმრა ”ადგილზე სიტუაციის შეფასების მიზნით,” რომელიც მათი თქმით, ”დაძაბული რჩება”.

ცხინვალში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან მურატ ჯიოევთან და შსკ-ში სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელთან ბორის ჩოჩიევთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩები სოფელ ქურთაში გაემგზავრნენ, სადაც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს შეხვდნენ. ამ ფაქტმა ცხინვალის პროტესტი გამოიწვია.

”როგორც გაირკვა, სოფელ სვერიდან უკან მომავალ გზაზე, სადაც დელეგაციამ ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტი მოინახულა, ელჩები სოფელ ქურთაში ჩავიდნენ, წინასწარი განსაზღვრული პროგრამის დარღვევით, სადაც ისინი დიმიტრი სანაკოევს შეხვდნენ,”- განაცხადა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 23 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ”რადგანაც დროებით ადმინისტრაციას არაფერი აქვს საერთო ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამასთან და მის განხორციელებასთან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეხვედრა [სანაკოევთან] იყო კონტრპროდუქტიული და პროვოკაციული მცდელობა გარკვეული პოლიტიკური წონის და რესპექტაბელობის იმიჯის მინიჭებისა ”დროებითი ადმინისტრაციისთვის”.

”ელჩების ეს ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ პროტოკოლს, ევროკავშირის მიერ ადრე გაცხადებულ პოზიციას ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერის თაობაზე, აქამდე ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებასთან ერთად,” – ნათქვამია განცხადებაში.

კონფლიქტის ზონაში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკავშირის ელჩებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს შეხვედრებს შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, ”რომელიც არის კონფლიქტის მოგვარების პროცესის მთავარი ადგილი”.

”ჩვენ ცნობად მივიღეთ ეუთოს თავმჯდომარის განზრახვა, რომ განიხილოს ახალი შესაძლო ფორმატები,” – ნათქვამია განცხადებაში.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტაბმა 30 მაისს განაცხადა, რომ დროა მოიძებნოს შესაძლებლობები მოლაპარაკებების ახალი  ფორმატისთვის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

თბილისი შსკ-ს ფორმატის ახალი ფორმულით 2+2+2 შეცვლის ინიციატივით გამოდის, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. ამ ინიციატივას მოსკოვი და ცხინვალი ეწინააღდეგებიან.

14-15 ივნისს ცხინვალში ქართულ და ოსურ ძალებს შორის მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ეუთოს მანქანას, რომელსაც მონიტორები გადაჰქონდა, ორჯერ ესროლეს, სავარაუდოდ, ნაღმტყორცნიდან. მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია, რადგანაც ეუთოს მანქანა დაჯავშნული იყო.

”მოვუწოდებთ ორივე მხარეს თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან და ჩაერთონ ახალ მოლაპარაკებებში,” – განაცხადეს ევროკავშირის ელჩებმა.   

 

 

 

 

 

Back to top button