
საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ სამი ვიცე-სპიკერის კანდიდატურა დაასახელა
საპარლამენტო უმრავლესობამ სპიკერატში პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ სამი მოადგილის კანდიდატურა წარადგინა.
ესენი არიან: დეპუტატი გიგი წერეთელი, რომელიც ვიცე-სპიკერი 1999 წლის მოწვევის პარლამენტში იყო; ფრიდონ თოდუა – ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და რუსუდან კერვალიშვილი – სამგორის მაჟორიტარი.
20 ივნისს პარლამენტის რეგლამენტში მიღებული ცვლილებების შედეგად, ვიცე-სპიკერების რაოდენობა ოთხიდან ცხრამდე გაიზარდა. ცვლილებების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თავად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს; არა უმეტეს სამს საპარლამენტო უმრავლესობა; ხოლო სამი კანდიდატის წარდგენის უფლება ბარიერგადალახულ ძალებს აქვთ, რომლებიც უმრავლესობის გარეთ არიან დარჩენილები; ორი ვიცე-სპიკერი კი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიიდან არჩეული დეპუტატები გახდებიან.
პარლამენტმა 11 ივნისს უკვე აირჩია ვიცე-სპიკერად მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსს მიიღებს. აჭარიდან სპიკერატში კვოტა ასევე შეავსო ანზორ ბოლქვაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ხულოს რაიონიდან.
რაც შეეხება პარლამენტში შესულ ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, ჯერ თავიანთი კანდიდატურა არ დაუსახელებიათ. Civil.ge-ს პარტიაში განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.