ახალი ამბები

ზაფხულში შესაძლოა სააკაშვილი-მედვედევის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა აუცილებლად შედგება, თუმცა ის კარგად უნდა მომზადდეს, რათა კონკრეტული შედეგით დასრულდეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე ამჟამად სამუშაო ვიზიტით მოსკოვს სტუმრობს, სადაც რუს კოლეგებთან მისი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ მაღალი დონის შეხვედრის მომზადებაა.

”აუცილებლად შედგება პრეზიდენტების შეხვედრა, მაგრამ საჭიროა, რომ კარგად მომზადდეს ეს შეხვედრა,  ჩვენ არ გვაქვს უფლება კიდევ ერთი პროტოკოლური შეხვედრა ჩავატაროთ,”- განუცხადა მან ქართველ ჟურნალისტებს, ”ეს შეხვედრა უნდა იყოს კარგად მომზადებული და რაც მთავარია, პრეზიდენტებმა უნდა შესძლონ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე გასვლა”.  

მან ასევე განაცხადა, რომ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ”ფრთხილი ოპტიმიზმის” საფუძველი გააჩნია.

შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ სახელდება, თუმცა ის, სავარაუდოდ, ზაფხულში შედგება. ეს უკვე მეორე შეხვედრა იქნება სააკაშვილს და მედვედევს შორის მას შემდეგ, რაც 6 ივნისს პრეზიდენტებმა ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის ფონზე სანკტ-პეტერბურგში გამართეს შეხვედრა. 

თუმცა რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი უახლოეს მომავალში პრეზიდენტების შეხვედრას არ ვარაუდობს.

”პრეზიდენტების შეხვედრები ეს ყოველთვის კულმინაციაა იმ პროცესების, რომლებიც უნდა განვითარდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მე პირადად, ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ იმის წინაპირობას, რომ გარღვევის ხასიათის მქონე შეთანხმებები შეიძლება იქნეს მიღწეული უახლოეს მომავალში,”- განუცხადა ქართულ ტელევიზიებს კოსაჩოვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თბილისის ამოცანაა მიაღწიოს გარღვევას რუსეთთან ურთიერთობებში ისე, რომ რუსეთის თავმოყვარეობა არ შეილახოს.

”ჩვენ გვსურს საერთო ენის გამონახვა რუსეთთან და გვაქვს ძალიან მოქნილი პოზიცია და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს გარღვევა არ იყოს პრობლემატური რუსეთის სახისთვის. ჩვენი ამოცანა არაა რუსეთის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, მაგრამ ნებისმიერ გარღვევას, ნებისმიერ წინსვლას სჭირდება ორმხრივი სურვილი,”- განუცხადა ჟურნალისტებს სტრასბურგში მყოფმა გიგა ბოკერიამ.

Back to top button