ახალი ამბები

მედვედევი საქართველოზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს პროვოკაციებს აფხაზეთში სამშვიდობოების წინააღმდეგ, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ არავინ არ უნდა იფიქროს, რომ მოსკოვი რეგიონში სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს.

21 ივნისს სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე, მედვედევმა საკმაოდ თავშეკავებულად  ისაუბრა აფხაზეთში განთავსებული რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ ”პროვოკაციების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ”.

როდესაც სტუდენტმა ჰკითხა რუსეთის პრეზიდენტს, იყო თუ არა შესაძლებელი ”რუსეთის ინტერვენცია რაიმე მიზეზით,” მედვედევმა უპასუხა: ”თქვენ უხეშად დასვით ეს კითხვა”. მისი თქმით, ამგვარი დასკვნების მიზეზი არ არსებობს.

”რუსეთი მშვიდობის მოყვარული ქვეყანაა. საქართველო რუსეთის მსგავსად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ნაწილია. და ჩვენ განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული და სახელმწიფოებრივი ურთიერთობები გვაკავშირებს,” – განაცხადა მედვედევმა.

”და თუნდაც, თუ დღეს ჩვენი ურთიერთობების საუკეთესო პერიოდი არ დგას, რა თქმა უნდა, რაიმე სახის ზეწოლის ფორმებზე, ზემოქმედების ფორმებზე საუბარი მაინც არ გვიწევს,” –  დასძინა მან.

”ეს შეუძლებელია,” – განაგრძო მან, ”საქართველო ჩვენთვის ახლობელი ქვეყანაა. უთანხმოება გარკვეულ საკითხებზე, რომელიც ჩვენ ურთიერთობებში არსებობს, არის ტერიტორიების [სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის] პრობლემა. ეს პრობლემები მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს: მოლაპარაკებების ქართული მხარის, რუსული მხარის და ამ ტერიტორიების შესაბამისი ხელისუფლებების მონაწილეობით”.

მედვედევის ამ განცხადებებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მოსკოვის უარყოფითი პოზიცია რუსულ-ქართულ დაძაბულობაში დასავლეთის ჩარევის მიმართ. 6 ივნისს, როდესაც სანკტ-პეტერბურგში რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, მედვედევმა უთხრა სააკაშვილს, რომ როდესაც ის გერმანიას სტუმრობდა, მისმა გერმანელმა კოლეგამ ”შეშფოთება გამოხატა რუსულ-ქართული დაძაბულობის გამო”. ”მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას,” უთხრა მედვედევმა თავის ქართველ კოლეგას მაშინ. .

სტუდენტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იგი 18 ივნისს ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილს – ამ საუბარს ერთი დღით ადრე წინ უსწრებდა ქართველი სამართალდამცავების მიერ ზუგდიდში ოთხი რუსი სამშვიდობოს დაკავება და მათთვის 20 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის ჩამორთმევა. მოგვიანებით რუსი სამშვიდობოები გაათავისუფლეს, თუმცა ჭურვების დაბრუნებაზე ქართული მხარე გამოძიების დასრულებამდე უარს აცხადებს.

”რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ამგვარ საქციელს რუსი სამშვიდობოების მიმართ. ისინი საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან და სერიოზულად და ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს,” – განაცხადა მედვედევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ”მიუხედავად არსებული სირთულეებისა”, იგი შეთანხმდა პრეზიდენტ სააკაშვილთან ”კონტაქტების გაგრძელებაზე”.

”ჩვენ შევხვდებით და განვიხილავთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც არსებობს,” – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

Back to top button