
თავდაცვის ბიუჯეტი 1.395 მლრდ ლარს მიაღწევს
საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, 2008 წლის ბიუჯეტის ხარჯები 226 მლნ ლარით იზრდება და შეადგენს 6.9 მლრდ ლარს.
ბიუჯეტის ზრდასთან ერთად ცალკეულ უწყებებს შორის დაფინანსების ხელახალი გადანაწილება ხდება, რის გამოც ზოგიერთ უწყებას სხვების ხარჯზე ეზრდება დაფინანსება.
ხარჯვითი ნაწილის მთავარი პრიორიტეტი თავდაცვის დაფინანსებაა, რომლის ოდენობაც 295 მლნ ლარით გაიზრდება და 1.395 მლრდ ლარს – რეკორდულ მაჩვენებელს – მიაღწევს. როგორც ცვლილებების განმარტებით ბარათშია ნათქვამი, დამატებითი დაფინანსება ”მოხმარდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას და NATO-ს სტანდარტებთან მიახლოვებას”.
295 მლნ-დან ყველაზე მეტი – 237.039 მლნ ლარი – დაიხარჯება საბრძოლო მასალების შეძენაზე, რეზერვისტების მომზადება-გადამზადებაზე, წვრთნების ჩატარებაზე, არსებული ტექნიკის მოდერნიზებასა და ერაყში სამშვიდობო ოპერაციაში ქართველი სამხედროების გაგზავნაზე.
29.960 მლნ ლარი დაიხარჯება ქობულეთსა და კოპიტნარში საავიაციო ბაზის მშენებლობაზე, ასევე ხონის რეზერვისტთა ბაზის მშენებლობაზე, ვაზიანის სამხედრო ბაზის მშენებლობაზე, ვაშლიჯვრის სამხედრო ნაწილში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
”ეს არის უკვე არსებული ბაზები, რომელთა მოდერნიზაცია მოხდება ნატოს სტანდარტების შესაბამისად,” – განუცხადა 27 ივნისს Civil.ge-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, ”ეს ინფრასტრუქტურა საჭიროა ახალი შეიარაღებისა და ტექნიკის სისტემების სრულად ფუნქციონირებისათვის”.
დამატებით 25.750 მლნ ლარი მოხმარდება შეიარაღებულ ძალებში კვალიფიციური კადრების მოზიდვას და გადამზადებას ისეთ პროფესიებში, როგორიცაა მფრინავები, ბორტინსტრუქტორები, შტურმანები, არტილერისტები და ა.შ.
2.5 მლნ ლარი გამოიყოფა სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფისთვის. თუმცა იმავდროულად 248 ათასი ლართ შემცირდება თავდაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები.
საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც მთავრობამ მოამზადა, უკვე შესულია პარლამენტში. ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ცვლილებები ჭარბმა შემოსავლებმა განაპირობა.
ყურადღებას იმსახურებს საბიუჯეტო ცვლილებების განმარტებითი ბარათის შემდეგი ჩანაწერი: ”იზრდება იმ სამინისტროებისა და უწყებების ბიუჯეტები, რომლებმაც წლის განმავლობაში სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის ხარჯების გაწევა განახორციელეს სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით”. თუმცა იქვე მითითებული არ არის, თუ რა ტიპის ხარჯებია გაწეული და რომელი უწყებების მიერ.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით მიიღებს 40 მლნ ლარს და მისი მთლიანი დაფინანსება 640 მლნ ლარს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ 40 მლნ ლარით მცირდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება. ეს უწყება ”ხალხზე ორიენტირებული” ბიუჯეტიდან სოციალური პროექტების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კლების მიუხედავად, სრულად განხორციელდება იმ სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსება, რაც დაგეგმილია მიმდინარე წელს.
აგრეთვე, მცირდება ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება 24 მლნ ლარით და საგარეო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე გათვალისწინებული 59 მლნ ლარი.
საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, 2 მლნ ლარით გაიზრდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დაფინანსება, ხოლო ტერიტორიული ტრანსფერის ფარგლებში დამატებით 750 ათასი ლარი მოხმარდება ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის დაფინანსებას.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებზე მთლიანობაში გათვალისწინებულია დამატებით 45 მლნ ლარი, საბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით.
იმავდროულად, იზრდება საქართველოს პარლამენტის დაფინანსება 2.4 მლნ ლარით და
საქართველოს მთავრობის კანცელარიის ასიგნება 1 მლნ ლარით.
საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, ”სავალუტო კურსის ცვლილების” მოტივით 67.4 მლნ ლარით მცირდება ახლადშექმნილი ”სტაბილური განვითარებისა” და ”მომავალი თაობების” ფონდების შევსების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები. ”მომავალი თაობების” ფონდი შეიქმნა იმ მიზნით, რომ საქართველო ფინანსურად მზად იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების სწრაფი ეკონომიკური რეაბილიტაცია-რეინტეგრაციისათვის.
პარლამენტმა 2008 წლის ბიუჯეტი დეკემბერში, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიღო, ხოლო მარტში პირველი ცვლილება განახორციელა, რომლის დროსაც მინიმალური პენსია 70 ლარამდე გაზარდა. ეს უკვე მეორე საბიუჯეტო ცვლილებაა წელს, რომელსაც პარლამენტი 15 ივლისისთვის დაამტკიცებს.