ახალი ამბები

აფხაზურმა და ქართულმა მხარეებმა შვედეთში ფარული შეხვედრა გამართეს

საქართველოს ხელისუფლების და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 15-17 ივნისს შვედეთში ფარული შეხვედრა გამართეს, განუცხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა Civil.Ge-ს პარასკევს.

წყარომ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, განაცხადა, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო, მაგრამ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, შვედეთში შეხვედრაზე ქართულ მხარეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია, საქართველოს ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია და დეპუტატი ნიკა რურუა წარმოადგენდნენ; აფხაზურ მხარეს კი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა,  ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია და დე ფაქტო შემოსავლების მინისტრი ვახტანგ ფიფია.  

Civil.ge-ს ასევე განუცხადეს, რომ შვედეთში გამართულ შეხვედრაზე მხარეები ამ ფაქტის გახმაურებისაგან თავის შეკავებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაცია ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გამართული შეხვედრის თაობაზე 19 ივნისს გავრცელდა, როდესაც საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ხავიერ სოლანას პრეს-სამსახურმა სოლანასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ პრეს-რელიზი გამოაქვეყნა.

”ბატონი სოლანა მიესალმა პირდაპირ მოლაპარაკებებს შვედეთში საქართველოს ოფიციალური პირებისა და აფხაზეთის წარმომადგენლებს შორის და ხაზი გაუსვა თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას,” – ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც Civil.Ge-მ, როგორც გამომწერმა, ელექტრონული ფოსტით მიიღო 19 ივნისს საღამოს.

თუმცა, ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში, რომელიც სააკაშვილი-სოლანას შეხვედრას მიეძღვნა, არაფერია ნათქვამი შვედეთში გამართული შეხვედრის შესახებ.

სოლანას პრეს-სამსახურმა ის ფაქტი, რომ პრეს-რელიზიდან ამოღებული იქნა ის ნაწილი, რომელიც შვედეთის შეხვედრას ეხებოდა, იმით ახსნა, რომ მიჩნეულ იქნა, რომ მას არ აქვს შეხება სოლანა-სააკაშვილის შეხვედრასთან, რომელსაც ეძღვნებოდა პრეს-რელიზი. მართალია ”მნიშვნელოვანი” იყო, მაგრამ შვედეთის შეხვედრა არ იყო მაღალი რანგის, განუცხადა სოლანას პრეს-სპიკერმა კრისტინა გალაჩმა Civil.Ge-ს.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ”ბატონი სოლანა მნიშვნელოვნად უჭერს მხარს” ამგვარი ტიპის პირდაპირ კონტაქტებს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის.

პრეზიდენტი სააკაშვილი ხავიერ სოლანას 19 ივნისს შეხვდა. სოლანას პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დროს სააკაშვილმა ისაუბრა 6 ივნისს თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან გამართული შეხვედრის შესახებ.

”ბატონმა სოლანამ გამოხატა სურვილი, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი შეასრულოს არსებული სიტუაციის მოგვარებაში,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.

20 ივნისს პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერსაც შეხვდა.

იმავდროულად, საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში 19 ივნისს ორდღიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა. ამავე ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ლიდერი გეგმავს შეხვედრებს ”საფრანგეთის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებთან”, ასევე ჟურნალისტებთან.

 

Back to top button