ახალი ამბები

ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა შვედეთში შეხვედრა გამართეს

საქართველოს ხელისუფლების და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ შვედეთში შეხვედრა გამართეს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ.

ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ მხოლოდ 19 ივნისს გავრცელდა, როდესაც სოლანას პრესსამსახურმა გამოაქვეყნა პრეს-რელიზი ბრიუსელში სოლანასა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ.

”ბატონი სოლანა მიესალმა პირდაპირ მოლაპარაკებებს შვედეთში საქართველოს ოფიციალური პირებისა და აფხაზეთის წარმომადგელებს შორის და ხაზი გაუსვა თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.

Civil.ge-ს წყარომ ხელისუფლებიდან განუცხადა, რომ  შვედეთში გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი წარმოადგენდა. სხვა დეტალები ამ შეხვედრის შესახებ, როდის გაიმართა ის ან ა.შ. საქართველოს ხელისუფლებას არ გაუვრცელებია.

პრეზიდენტი სააკაშვილი 19 ივნისს შეხვდა ხავიერ სოლანას. სოლანას პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დროს სააკაშვილმა ისაუბრა 6 ივნისს თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან გამართული შეხვედრის შესახებ.

”ბატონმა სოლანამ გამოხატა სურვილი, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი შეასრულოს არსებული სიტუაციის მოგვარებაში,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.

იმავდროულად, საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში 19 ივნისს ორდღიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა.    

Back to top button