ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიციის წევრები ლეიბორისტულ პარტიას აკრიტიკებენ

რამდენიმე პოლიტიკოსმა ოპოზიციური კოალიციიდან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ საჯაროდ განაცხადა, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას აპირებს, ის ფაქტიურად პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

19 ივნისს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში საუბრისას კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან და ეკა ბესელიამ მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის განაცხადეს, რომ ლეიბორისტული პარტია, ერთის მხრივ, ”ხელისუფლების თამაშს თამაშობს,” ხოლო მეორე მხრივ, ისე ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი თავი, თითქოს მანდატებზე უარის თქმას აპირებს. 

ლეიბორისტებმა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე 7.44% მიიღეს და პარლამენტში სულ 6 დეპუტატი გაიყვანეს, თუმცა ორმა მათგანმა – ნუგზარ ერგემლიძემ და რამაზ თედორაძემ თავიდანვე არ გაიზიარეს პარტიის პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით და შევიდნენ პარლამენტის პირველივე სხდომაზე. ლეიბორისტული პარტიის სიით გასული ექვსი დეპუტატიდან ოთხმა, მათ შორის პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, უკვე მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური მოთხოვნით მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. თუმცა, ოფიციალური მოთხოვნის ტექსტი არაიურიდიული ტერმინებითაა შედგენილი, რომელშიც პარლამენტი მოიხსენიება როგორც ”ნაციონალური მოძრაობის შტაბი”, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე როგორც ამ შტაბის ხელმძღვანელი.

კახა კუკავას ვარაუდით, მიმართვის ამგვარი ფორმა შესაძლოა განზრახ იქნა გმოყენებული ლეიბორისტების მოთხოვნის განხილვის გაჭიანურებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ ლეიბორისტებმა ნაცვლად მთლიანი სიის ანულირებისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხოლოდ პირველი ათეულის შემდგომი სიის გაუქმება მოსთხოვეს.

სიის ანულირება ნიშნავს იმას, რომ სიაში შესულ არც ერთ ადამიანს არ ექნება საშუალება ვაკანტური ადგილები დაიკავოს პარლამენტში, თუ ის კანდიდატები, რომლებიც პარტიული სიით შევიდნენ პარლამენტში, თავიანთ მანდატებზე უარს იტყვიან. ლეიბორისტული პარტიის ქმედება იმას ნიშნავს, რომ თუ მისი ოთხი წევრი საბოლოოდ უარს იტყვის მანდატებზე, დანარჩენი სამი სიაში – ნესტან კირთაძე, პაატა ჯიბლაძე და კონსტანტინე გუგუშვილი – ლეიბორისტული პარტიის ადგილებს დაიკავებს პარლამენტში.

გიორგი გუგავამ ლეიბორისტული პარტიიდან თავი აარიდა პირდაპირი პასუხის გაცემას, თუ რა იყო ამგვარი ტაქტიკის მიზეზი; ამის სანაცვლოდ მან განაცხადა, რომ ესაა პარტიის გადაწყვეტილება და ის სამი პიროვნება თავად იტყვის შემდგომში უარს სადეპუტატო მანდატებზე.
 

Back to top button