ახალი ამბები

ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტის სხდომაზე შევიდნენ

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პირველად შევიდა ქრისტიან-დემოკრატების 6-კაციანი დეპუტაცია გიორგი თარგამაძის ხელმძღვანელობით. დღესვე პარლამენტმა დაამტკიცა მათი შეთანხმება მმართველ პარტიასთან რეგლამენტში იმ ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციისთვის საპარლამენტო თანამდებობებს უზრუნველყოფს.

დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში თარგამაძემ პარლამენტში შესვლა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულების სურვილით ახსნა და აღნიშნა: ”მაშინ როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შემოვსულიყავით პარლამენტში, ჩვენ დავძლიეთ ცდუნება იმისა, რომ ვყოფილიყავით პოლიტიკური ბრალდებების, ბინძური ცილისწამების და იარლიყების მძევალი”.

”ჩვენ ვიცით ზუსტად, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარდა უზარმაზარი დარღვევებით და სამწუხაროდ, ეს პარლამენტი ვერ ასახავს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას,”- განაცხადა თარგამაძემ, ”მიუხედავად ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ ქვეყანაში გამძაფრებული უსამართლობის, უპრინციპობის, ელიტური კორუფციის და დანაშაულების წინააღმდეგ ვიბრძოლოთ ამ ტრიბუნიდან, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ტრიბუნა იქნება ერთადერთი საშუალება წლების განმავლობაში, საიდანაც მოხერხდება მართალი სიტყვის გაჟღერება”.

საპარლამენტო უმრავლესობა მიესალმა ოპოზიციური პარტიის გამოჩენას სხდომათა დარბაზში, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ არ არის საჭირო ”სენსაციური განცხადებები” და ”ხმამაღალი ახსნა” იმისა, თუ რატომ ესწრებიან დეპუტატები პარლამენტის სხდომას.

დღესვე საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები რეგლამენტში, რომელიც სამივე ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს ვიცე-სპიკერების პოსტებზე. ასევე კომიტეტის ყველა თავმჯდომარის თითო მოადგილე ოპოზიციიდან აირჩევა.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, კომიტეტების საერთო რაოდენობა 13-დან 15-მდე იზრდება. კერძოდ, შეიქმნება სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, რომელსაც სავარაუდოდ, გიორგი ასანიძე, მმართველი პარტიის დეპუტატი ჩაუდგება სათავეში და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური უხელმძღვანელებს

მმართველი პარტიის შემდგომი ნაბიჯი იქნება ფრაქციების შექმნისათვის საჭირო 7 დეპუტატის 6-მდე შემცირება, რათა ქრისტიან-დემოკრატების ექვსმა დეპუტატმა შეძლოს ფრაქციის ჩამოყალიბება. თუმცა ამას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და თითქმის ორთვიანი განხილვის პროცედურა დასჭირდება.

Back to top button