ახალი ამბები

რუსეთი სამშვიდობოებთან დაკავშირებით პირდაპირ აფრთხილებს

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ბურუტინმა გააფრთხილა, რომ რუსი სამშვიდობოების ”მოთმინება უსაზღვრო არ არის” და თუ მათ წინააღმდეგ კვლავაც გაგრძელდება პროვოკაციები, ”შესაძლოა სისხლისღვრაც მოხდეს”.

ბურუტინის თქმით, რუსმა სამშვიდობოებმა გამოიჩინეს ”საკმაო თავშეკავება და მოთმინება,” როდესაც მათ ”ბანდიტურად დაესხნენ თავს” 17 ივნისს.

ქართველმა სამართალდამცავებმა ზუგდიდის რაიონში ოთხი რუსი სამშვიდობო დააკავეს და მათ სატვირთო მანქანა და შეიარაღება, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები ჩამოართვეს. რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს; სატვირთო მანქანა მათ დაუბრუნეს, თუმცა იარაღი ქართულმა მხარემ გამოძიების დასრულებამდე დაიტოვა.

”ბოლო დროს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში სიტუაცია არსებითად შეიცვალა,” – განაცხადა ბურუტინმა, ”ის სერიოზულად დაიძაბა. 17 ივნისს 18:37 საათზე, რუსი სამშვიდობოების მანქანას ბანდიტურად დაესხა თავს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირთა ჯგუფი, რომლებიც, როგორც შემდეგ გაირკვა, ქართველი პოლიციელები იყვნენ ზუგდიდის რაიონის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის ხელმძღვანელობით. ფიზიკური ძალის უხეშად გამოყენებით და იარაღის მუქარით, მათ დააპატიმრეს რუსი სამშვიდობოები, წაართვეს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ქონება”.

”ოფიციალურად უნდა განვაცხადო, რომ არსებულ ვითარებაში რუს სამშვიდობოებს სრული უფლება ჰქონდათ გამოეყენებინათ მათ ხელთ არსებული შეიარაღება და საბრძოლო მასალა, რათა დაეცვათ საკუთარი თავი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა,” – განაგრძო მან, ”ეს უფლება მათ მინიჭებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 1994 წლის გადაწყვეტილებით ”ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე”, და ასევე კოლექტიური სამშვიდობო ძალების მანდატით. ამ იარაღის გამოყენების შემთხვევაში კი შედეგები შესაძლოა ძალიან მძიმე ყოფილიყო, ხოლო მსხვერპლი თავდამსხმელთა მხრიდან – გარდაუვალი.”

”ამასთან ერთად, ჩვენმა სამხედროებმა გამოიჩინეს უდიდესი თავშეკავება და მოთმინება, არც ერთი გასროლა არ განახორციელეს, რამაც თავიდან აგვაცილა მსხვერპლი. თუმცა, მომავალში ჩვენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ სამხედროები ასევე მოთმინებით იმოქმედებენ. მათი მოთმინება უსაზღვრო არ არის. შედეგები კი, შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს, უბრალოდ სისხლიანი. ამასთან ერთად, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ყველა ამ პროვოკაციაზე და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ქართულ მხარეს დაეკისრება,” – განაცხადა ბურუტინმა.

თბილისი აცხადებს, რომ საბრძოლო მასალის, კერძოდ კი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების ტრანსპორტირება ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად არსებული შეთანხმებების დარღვევაა.

”რაც შეეხება მუქარას და სისხლისღვრის დაპირებას, ჩვენ ეს მუდმივად გვესმის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან; ერთადერთი, რაც შემიძლია ვუთხრა, არის ის, რომ არ გვეშინია. თუ სურს, სცადოს,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ.  

”რუსმა სამშვიდობოებმა, პირველ რიგში, უნდა შეასრულონ მანდატის ფარგლებში აღებული ვალდებულებები. აქ მანდატის დარღვევას ჰქონდა ადგილი, რადგანაც რუს სამშვიდობოებს გადაჰქონდათ იარაღი, რომლის შესახებაც ქართული მხარისათვის უნდა შეეტყობინებინათ წინასწარ,” – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა ჟვანიამ 19 ივნისს, ”რაც შეეხება მათი მოთმინების ფიალის ავსებას, შემოგვხედონ ჩვენ. ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს ისეთი პროვოკაცია მათი [სამშვიდობოების] მხრიდან, რომლის გამოც ჩვენი მოთმინების ფიალა უნდა აივსოს, მაგრამ ჩვენ ვითმენთ ბოლომდე”.

Back to top button