
სოხუმში რკინიგზაზე ორი აფეთქება მოხდა
18 ივნისს სოხუმში რკინიგზაზე ორი აფეთქება მოხდა, რამაც ოდნავ დააზიანა სარკინიგზო ხაზი, იუწყება ”აფსნიპრესი”.
ამავე ცნობით ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
”ინტერფაქსი” იტყობინება აფხაზეთის სამართალდამცავ წყაროზე დაყრდნობით, რომ ”აღნიშნული ტერაქტი” მიმართული იყო რუსეთის სარკინიგზო ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მაისის ბოლოდან სოხუმი-ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებენ. თბილისის ნებართვის გარეშე შეყვანილი ეს ძალები, სავარაუდოდ, ორ თვეში დატოვებენ აფხაზეთს. თბილისი აცხადებს, რომ სარკინიგზო ძალების რეალური მიზანია სამხედრო მიზნებისთვის რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
13 ივნისს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ აფხაზეთში რელსის ქვეშ აღმოაჩინა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და შედეგად, მათი სარკინიგზო ძალების წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ნაღმი ახალი ჩამონტაჟებული იყო . თუმცა 16 ივნისს აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ”სპეციალისტის დასკვნის თანახმად” ნაღმი 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს იქნა ჩადებული.