
დანიელ ფრიდი: რუსეთი აძლიერებს ზეწოლას საქართველოზე
რუსეთმა გააძლიერა პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლა საქართველოზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთების წყაროს წარმოადგენს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა 18 ივნისს.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ფრიდმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ”ძალიან შეშფოთებულია იმ ქმედებების გამო, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომელთა გამო გაიზარდა დაძაბულობა სეპარატისტულ რეგიონებში”.
”ისინი უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩაღების საფრთხეს ქმნიან და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის და საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებების შუამავლის როლს,” – განაცხადა ფრიდმა.
თავის გამოსვლაში საკომიტეტო მოსმენაზე – ”კავკასია: გაყინული კონფლიქტები და ჩაკეტილი საზღვრები” – ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის იმ ქმედებებს შორის, რომლებიც ამერიკის შეშფოთებას იწვევს, არის 16 აპრილის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ აფხაზურ და სამხრეთ ოსურ სტრუქტურებთან ახლო ურთიერთობების დამყარების თაობაზე; რუსული გამანადგურებლის მიერ ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება; აპრილს ბოლოს კარგად გაწვრთნილი და ჰაუბიცებით აღჭურვილი სადესანტო ძალების გაგზავნა აფხაზეთში სამშვიდობო ძალების ფარგლებში ”საქართველოსთან შეთანხმების გარეშე”, ხოლო მაისის ბოლოს რუსული სარკინიგზო ძალების შეყვანა აფხაზეთში რეგიონის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მოტივით.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსი ინვესტორები ქონებას იძენენ აფხაზეთში ”ქართული კანონმდებლობის იგნორირებით”. ”ზოგიერთი ეს ქონება შესაძლოა ეკუთვნოდეს იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ საბოლოო დაბრუნებას,” – განაცხადა ფრიდმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსულ ბანკებს საკორესპონდენტო ურთიერთობები აქვს ”არალიცენზირებულ და ფაქტიურად უკონტროლო აფხაზურ ბანკებთან, რაც არის ღია მიპატიჟება ფულის გამთეთრებლების”.
ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ გამოხატა ნატოში გაწევრიანების სურვილი, თბილისი ”რუსეთის მხრიდან განუწყვეტელი და სახიფათო ზეწოლის ქვეშ მოექცა”. ”საქართველომ გააკეთა ნატოში გაწევრიანების არჩევანი და საქართველოს მეზობლებმა პატივი უნდა სცენ ამას,” – განაცხადა მან.
”ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფოს – არც რუსეთს, არც რომელიმე სხვას – უნდა ჰქონდეს გავლენის სფერო ამ ქვეყნებზე [იგი შავი ზღვის და კავკასიის სახელმწიფოებს გულისმხობდა]; არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ უნდა შეეძლოს დაემუქროს, ზეწოლა მოახდინოს ან დაბლოკოს ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანი შეუერთდნენ ევროპის და ტრანსატლანტიკური ოჯახის ინსტიტუტებს, თუ ისინი ამას გადაწყვეტენ, ან ჩვენ გადავწყვეტთ ამას”.
თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სურვილი არ არის, რომ ”რუსეთი გამოდევნოს ამ რეგიონიდან”.
”ეს არც ჭკვიანური და არც შესაძლებელი არ იქნებოდა,” – დასძინა ფრიდმა.