ახალი ამბები

პროვოკაციები სამშვიდობოების წინააღმდეგ დაუშვებელია – უთხრა მედვედევმა სააკაშვილს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განუცხადა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს, რომ პროვოკაციები რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ დაუშვებელია.

კრემლის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი 18 ივნისს გაიმართა.

სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა ქართველი სამართალდამცავების მიერ ოთხი რუსი სამშვიდობოს დაკავება და 20 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის ჩამორთმევა, რომელიც რუს სამშვიდობოებს აფხაზეთიდან ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეზე მდებარე ბაზაზე გადაჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი რუსი სამშვიდობო გაათავისუფლეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყვეტს დაუბრუნოს თუ არა რუსულ მხარეს ჩამორთმეული იარაღი.

”ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის განხილვისას, პრეზიდენტმა მედვედევმა პროვოკაციებს რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, დაუშვებელი უწოდა,” – ნათქვამია კრემლის პრეს-რელიზში, ”პრეზიდენტი სააკაშვილი დაპირდა მას, რომ გაარკვევდა სიტუაციას”.

”ორი სახელმწიფოს ლიდერმა გამოხატა რწმენა კონტაქტების შენარჩუნების საჭიროებაში არსებული პრობლემების მოგვარებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა რუსულ მხარეს ”თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისაგან და საბრძოლო მასალების გადატანისას დაიცვან სავალდებული პროცედურები”.

სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ ჩამორთმეული იარაღის დაბრუნების იურიდიული საფუძველი არ არსებობს. ”ამ იარაღთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი  ოფიციალური დოკუმენტაცია და ქართული მხარე ამ გადაზიდვის შესახებ ინფორმირებული არ იყო,”- განუცხადა ზღულაძემ ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, დსთ-ს სამშვიდობო ძალები ვალდებულნი არიან შეათანხმონ ქართულ მხარესთან მათი პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის გადაადგილება.

Back to top button