ახალი ამბები

აფხაზეთი საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით აფხაზეთის ხელისუფლება 18 ივნისიდან ბიჭვინთაში სამდღიან საინვესტიციო ფორუმს მართავს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”.

ფორუმში მონაწილეობენ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლები, ასევე თურქი ბიზნესმენები.

”აფსნიპრესი” იტყობინება სტამბოლში განთავსებული CSA Group-ის დამფუძნებლის და ასევე სტამბოლში განთავსებული ორგანიზაციის ”ჩერქეზული დემოკრატიული პლატფორმის” წარმომადგენლის დემირეზ ჰანდანის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ თავდაპირველად თურქეთიდან 75 ბიზნესმენი უნდა ჩამოსულიყო ფორუმში მონაწილეობისთვის, თუმცა შემდეგ მხოლოდ 25 ჩავიდა. მისი თქმით, ტრაბზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და ასევე სხვა თურქ ბიზნესმენებს მოუხდათ ვიზიტის გაუქმება, რადგანაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერია, რაც თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ჩარევის შედეგი იყო.

ფორუმის გახსნაზე გამოსვლისას აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ამჟამად აფხაზეთის ეკონომიკაში რუსული ბიზნესი დომინირებს, თუმცა ეს რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის საკმარისი არ არის.  

 

Back to top button