
რუსი სამშვიდობოები აფხაზეთში დაძაბულობის წყაროს წარმოადგენენ – ტყეშელაშვილი
რუსეთის ”საქციელი და მისი გეგმები” არის ერთადერთი მიზეზი დაძაბულობისა აფხაზეთში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 17 ივნისს.
”არც ქართული მხარე და არც ცალკე აღებული აფხაზური მხარე ვითარების დაძაბვის წყაროს არ წარმოადგენს,” – განაცხადა მან, ” ის, თუ რატომ არის დღეს დაძაბული ვითარება აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიაზე, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქვეყნის – რუსეთის – საქციელით და გეგმებით.”
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივნისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გააფრთხილა თბილისი არ მიიღოს ”არაგონივრული” გადაწყვეტილება და არ მოითხოვოს აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა. მისი განცხადებით, ამგვარმა ქმედებამ შესაძლოა მთელ კავკასიის რეგიონში მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს.
თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული სამშვიდობო ფორმატი აფხაზეთში, ”არამცთუ ხელს უწყობს რაიმე პოზიტივის შემოტანას არსებულ ვითარებაში, არამედ პირიქით, წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად და მნიშვნელოვან წყაროს ვითარების ამდაგვარად დაძაბვის”.
”[რუსი სამშვიდობოების] არ არსებობამ შეუძლებელია რაიმე ცუდი მოიტანოს,” – განაგრძო მან, ”პირიქით, მისი რეალური უსაფრთხოების სისტემით შეცლა იქნება ზუსტად ის წინაპირობა, რომელმაც მართლა შეიძლება რეალური გახადოს სამშვიდობო პროცესის დაწყება”.
ამჟამად ეკა ტყეშელაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ის, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 18 ივნისს ნატო–ს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდება. იმავე დღეს ის მონაწილეობა მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში ფორმატით 26+1 (NAC + საქართველო).